ოკუპირებული აფხაზეთი

პრემიერი: ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის მშენებლობა უკანონო გადაწყვეტილებაა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის მშენებლობას ოკუპაციის მორიგი შედეგი და უკანონო გადაწყვეტილება უწოდა. მან ესპანეთში ჟურნალისტებს უთხრა, რომ "მნიშვნელოვან დისკუსიას" დაესწრო, რომლის მონაწილეებსაც ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის მოწყობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

"იცით, რომ გახდა ცნობილი, რუსეთი აპირებს უკვე მე-3 სამხედრო ბაზის, ამ შემთხვევაში, საზღვაო ბაზის მშენებლობას ჩვენს ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ნებართვის გარეშე. ეს არის ოკუპაციის შედეგი. ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, რა თქმა უნდა, ჩვენ  ასე აღვიქვამთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას, ბუნებრივია. მათ ვუთხარი, რომ ეს კიდევ უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას.

ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო არის და მე ამის თაობაზე მძაფრად აღვუწერე ჩვენი სიტუაცია, რომ ჩვენ ვიმყოფებით მეტად სპეციფიკურ სიტუაციაში, ვინაიდან ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ოკუპირებული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქვეყანა ახერხებს განვითარებას, წინსვლას, რეფორმებს ისე, რომ ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას, ამას მართლაც მოხერხება სჭირდება და  ჩვენ მართლაც გვაქვს სათქმელი ამ მიმართულებით". - აღნიშნა ღარიბაშვილმა.


5 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა. ამის შესახებ ბჟანიამ რუსულ მედია Известия-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენი დღესასწაულის დღეს ჩვენთან შემოვიდა პატარა სარაკეტო ხომალდი, ჩვენ მის ბორტზე ავედით. ძალიან განვითარებული ხომალდია სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა მოეწყობა. ეს ყველაფერი მიმართულია რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და ასეთი ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ეს ემსახურება რუსეთისა და აფხაზეთის ფუნდამენტურ ინტერესებს და უსაფრთხოება ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია". – ამბობს ბჟანია.

4 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბჟანიასა და პუტინს შორის სოჭში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამავე ინფორმაციით, ბჟანია შეხვედრის შედეგებს დადებითად აფასებს. 

კომენტარები