ოკუპირებული აფხაზეთი

ჯაფარიძე ოჩამჩირის ბაზაზე: რუსეთის მიერ ფრონტის ხაზის აფხაზეთში გადმოტანის მცდელობაა

ეს არის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში საომარი მოქმედების გადმოტანის მცდელობა, ფრონტის ხაზის გადმოტანის მცდელობა აფხაზეთში და შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს ბაზა იქნება გამოყენებული რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების შესაფარებლად, რომლებიც დღეს დარტყმის ქვეშ იმყოფებიან სევასტოპოლში და ნოვოროსიისკის პორტებში. ეს გემები ატარებენ ფრთოსან რაკეტებს, რომლებსაც ყოველდღიურად უშენენ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას. შესაბამისად, ეს გემები წარმოადგენენ უკრაინის სამხედრო ძალების ლეგიტიმურ სამიზნეებს და აქედან გამომდინარე, ამ ბაზის მშენებლობა არის პირდაპირი მცდელობა, მოხდეს საომარი მოქმედებების გადმოტანა აფხაზეთში. ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში მოვუწოდებთ, რომ წინ აღუდგნენ ამ მცდელობას, რამდენადაც ეს დიდ საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას, დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას მთლიანობაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თუ ვინმე უქმნის მშვიდობას საფრთხეს ამ რეგიონში, ეს არის რუსეთის ფედერაცია, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მისი პოლიტიკური გეგმები. 

ამ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ არის პირდაპირი მცდელობა საომარი მოქმედებების ჩვენს ტერიტორიაზე გადმოტანასთან დაკავშირებით, ერთი განცხადებაც არ გაგვიგია ქართული ოცნების და მისი სპიკერების მხრიდან, რომლებიც მუდმივად ესხმიან თავს ჩვენს უახლოეს მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, ადანაშაულებენ USAID-ს რაღაც გადატრიალების მცდელობაში. ამ დროს იგეგმება ასეთი უმნიშვნელოვანესი, ჩვენთვის საფრთხისშემცველი ნაბიჯი, ცხადდება ამის შესახებ ღიად და ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც ერთ ნაბიჯს ქართული ოცნების მხრიდან, რომელიც შეაჩერებს რუსეთის ფედერაციის ამ მზაკვრული გეგმის განხორციელებას.

პარტია ლელოს ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერის, ასლან ბჟანიას მიერ ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

კომენტარები