ოკუპირებული აფხაზეთი

საგარეო: შემაშფოთებელია ბჟანიას განცხადება ოჩამჩირეში რუსული ბაზების მოწყობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერის, ასლან ბჟანიას მიერ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს, რომ უახლოეს მომავალში, ოჩამჩირეში რუსული მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით "შეშფოთებას" გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა.

"შეშფოთებას გამოვთქვამთ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ. 

მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას.
 
საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. 
 
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია". – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

 

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერის, ასლან ბჟანიას თქმით, ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა. ამის შესახებ ბჟანიამ რუსულ მედია Известия-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენი დღესასწაულის დღეს ჩვენთან შემოვიდა პატარა სარაკეტო ხომალდი, ჩვენ მის ბორტზე ავედით. ძალიან განვითარებული ხომალდია სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა მოეწყობა. ეს ყველაფერი მიმართულია რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და ასეთი ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ეს ემსახურება რუსეთისა და აფხაზეთის ფუნდამენტურ ინტერესებს და უსაფრთხოება ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია". – ამბობს ბჟანია.

კომენტარები