ჯანდაცვის სამინისტრო

ქირურგიული ოპერაციები უნებართვოდ ჩაატარა – იმედის კლინიკა 20 000 ლარით დააჯარიმეს

ჯანდაცვის სამინისტრომ იმედის კლინიკა "უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის" 20 000 ლარით დააჯარიმა. სამინისტროს ცნობით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კლინიკაში "უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები" გამოავლინა. კერძოდ, სამედიცინო დაწესებულებამ ორ მცირეწლოვან პაციენტს ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარა.

"იმედის კლინიკას ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაწესებულებაში არსებული დარღვევა-ნაკლოვანების გამო 13 სექტემბერს შეუჩერა. მიუხედავად ამისა, კლინიკაში 2 ოქტომბერს გეგმური ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა, რაც უკანონო სამედიცინო საქმიანობას წარმოადგენს. უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000  ლარით დაჯარიმდა" - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

სექტემბრიდან "სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით", ძალაში შევიდა რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებების სანებართვო პირობები. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს აღნიშნული განყოფილებების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის და ა.შ. მიმართულებით.

კომენტარები