ჯანდაცვის სამინისტრო

ბებიაქალი გენდერულად ნეიტრალური ტერმინით ნაცვლდება, ექთნის სპეციალობა რეგულირებადი ხდება

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა. საკითხი დეპუტატებს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააცნო. მომხსენებლის განცხადებით,  ჯანმრთელობის დაცვის სექტორში  ექთნების და მეანი-ექთნების საჭიროზე მკვეთრად ნაკლები რაოდენობაა. გაბუნიას თქმით, ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირებს ექთნების და მეანი-ექთნების განათლების, პროფესიული საქმიანობისა და პროფესიული განვითარების პროცესებს.

ცვლილებების თანახმად,  მკვიდრდება ახალი, "გენდერულად ნეიტრალური" ტერმინი და ბებიაქალის წოდება ჩანაცვლდება ტერმინით "მეანი-ექთანი“. ასევე, ექთნებისა და მეანი-ექთნების მიღებული განათლების შესაბამისად, ინერგება წოდებრივი რანჟირების სისტემა.

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ექთნის და მეანი-ექთნის სპეციალობები ემატება რეგულირებადი პროფესიების ჩამონათვალს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმიანობის წინაპირობა იქნება შესაბამისი კვალიფიკაციის არსებობა და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება ან მოთხოვნილი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი  გამოცდის ჩაბარება.

"რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, ვინაიდან უკვე  ექთანი და მეანი ექთანი ხდება რეგულირებადი სპეციალობა, დაუშვებელია სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის და სერტიფიკატის გარეშე საქმიანობის წარმოება. საექთნო და მეანი-ექთნის უკანონო საქმიანობის განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები