კრიმინალი

სუფრაზე რამდენჯერმე გაისროლა – მკვლელობის ბრალდებით დაცვის პოლიციის ინსპექტორი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი დააკავეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსის ლევან ქუთათელაძის თქმით, მკვლელობა ყვარელში მოხდა.

"გამოძიებით დგინდება, რომ 4 ოქტომბერს, ღამის საათებში, ყვარლის რაიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი თ.ო. ნაცნობ პირებთან ერთად სუფრაზე იმყოფებოდა, სადაც, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იქ მყოფ პირებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. დაცვის პოლიციის ინსპექტორმა, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ისროლა, რა დროსაც, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა გ.გ. ხოლო მეორე მოქალაქემ სხეულის დაზიანება მიიღო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქმეზე  გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს. მათ შორის ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი. ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ დაკავებულს ბრალდება 48 საათში წარედგინება.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები