ე.წ. გადატრიალების საქმე

სახდეპი: USAID-ის მიმართ ბრალდება სიცრუეა, არსებითად მცდარად ახასიათებს დახმარების მიზნებს

ვედანტ პატელი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი ყოველდღიურ ბრიფინგზე USAID-ის მიმართ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბრალდებას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს გააგრძელებს იმ ორგანიზაციების დახმარებას, რომლებიც მუშაობენ ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

"ნება მიბოძეთ განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო USAID-ზე, რასაც ახლა ხაზი გაუსვით. ამასთან დაკავშირებით თბილისში ჩვენმა საელჩომ ძალიან ცხადი განცხადება გამოაქვეყნა და მე მას გავიმეორებ: ბრალდებები ჩვენი ერთ-ერთი დამხმარე პროექტის მიმართ სიცრუეა და არსებითად მცდარად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა. ჩვენ გავაგრძელებთ იმ ქართული ორგანიზაციების დახმარებას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციის მიერ უზრუნველყოფილი ფუნდამენტური უფლებებისა და საქართველოს საერთაშორისო მისწრაფებებისა და ვალდებულებების დასაცავად". – თქვა პატელმა.


2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორგანიზაცია CANVAS-ის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის დეტალები გაასაჯაროვა. სუს-ის განცხადებით, სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, ელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი ოთხი დღის განმავლობაში თბილისში სასტუმრო იბისიში ატარებდნენ მასტერკლასებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, თუ "როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება". სუს-ის ინფორმაციით, სერბული ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები საქართველოში USAID-ის პროგრამის ფარგლებში 2023 წლის 25 სექტემბერს ჩამოვიდნენ. სუს-ის მტკიცებით, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან სერბეთში, უკრაინსა და სხვა სახელმწიფოებში გადატრიალების ორგანიზებასთან, მათივე განცხადებით, იკვეთება კავშირები ვარდების რევოლუციასთანაც.

USAID-ის მხარდაჭერით CANVAS საქართველოს ორგანიზებით ჩატარებულ ტრენინგებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-სგან ახსნა-განმარტება მოითხოვა, თუ რატომ აფინანსებდა ამერიკული ორგანიზაცია საქართველოში რევოლუციისა და გადატრიალების მოწყობისთვის მოსამზადებელ ტრენინგებს.

გარდა ამისა, აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ საელჩო მზად არის მთავრობასთან განიხილოს ნებისმიერი საკითხი, რაც შესაძლოა შეშფოთებას იწვევდეს.

"მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომელიც ეხმარება ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები