ე.წ. გადატრიალების საქმე

კობახიძე: საჭიროა განმარტება, რატომ აფინანსებს USAID-ი ტრენინგებს, რომლის მიზანი რევოლუციაა

ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მტკიცებით, საქართველოში ჩამოსული სერბეთის მოქალაქეები, რომლებიც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ხვდებოდნენ, სინამდვილეში კი მათი მიზანი ახალგაზრდებთან ერთად "რევოლუციის მომზადება" იყო. 

სუს-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნულ ტრენინგები აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით ჩატარდა.

ირაკლი კობახიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შემაშფოთებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საჭირო იქნება USAID-ისგან განმარტების მიღება.

"როგორც გაირკვა, ეს ყველაფერი ფინანსდება შეერთებული შტატების განვითაერბის სააგენტოს მიერ, რომელსაც USAID ეწოდება, რაც ნიშნავს ამერიკის დახმარებას და მგონი ეს არ არის ამერიკის დახმარება. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება განმარტების მიღება ამასთან დაკავშირებით, რატომ დაფინანანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება. გახსოვთ, ჯერ იყო აკერმანის ტრენინგები, შემდეგ იყო ფრანკლინის კლუბი, ექსტრემისტული ძალების სხვა აქტივობები, ახლა  ვხედავთ ასეთი ტიპის ტრენინგს, სადაც საუბარია რევოლუციურ სცენარებზე". – ამბობს კობახიძე.

კომენტარები