ნორვეგია-რუსეთი

ნორვეგია რუსული ნომრების მქონე მანქანებს ქვეყანაში აღარ შეუშვებს

2023 წლის 3 ოქტომბრიდან ნორვეგია გამონაკლისი შემთხვევების გარდა, რუსული ნომრის მქონე მანქანებისთვის საზღვრებს დაკეტავს - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია, Ukrainska Pravda ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც Ukrainska Pravda ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ნორვეგია რუსეთის წინააღმდეგ შემაკავებელ ზომებს უკრაინაში წარმოებული ომის საპასუხოდ ახორციელებს. 

"ნორვეგია მოკავშირეებთან და თანამოაზრეებთან ერთად რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ სასტიკ და აგრესიულ ომს ამგვარად უპასუხებს. სანქციები უნდა იყოს ეფექტური, რათა მაქსიმალურად შეამციროს რუსეთის შემოსავალი, რომლითაც იგი ომში საკუთარ თავს აფინანსებს". - ავრცელებს Ukrainska Pravda  ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიკენ ჰუიტფელდტის კომენტარს. 

თუმცა, ნორვეგიის გადაწყვეტილებას, არ შეუშვას რუსული ნომრების მქონე მანქანები ქვეყანაში, აქვს გამონაკლისები - კერძოდ:

  • ნორვეგიაში დაიშვება 10 და მეტი ადგილის მქონე რუსეთში რეგისტრირებული ავტომობილები;
  • დაიშვება რუსეთში მუდმივად მცხოვრები ნორვეგიის ან ევროპის ეკონომიკური ზონის მოქალაქეების ან მათი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული მანქანები;
  • დაიშვება ჰუმანიტარული დახმარების მიზნით გამოყენებული მანქანები;
  • დაიშვება დიპლომატიური იმუნიტეტით მოსარგებლე პირთა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო საკურიერო სამსახურების კუთვნილი მანქანები.

"მაშინაც კი, როდესაც მანქანა რომელიმე გამონაკლისს დაექვემდებარება, არ ნიშნავს, რომ მასში მყოფი ადამიანები ავტომატურად დაიშვებიან ნორვეგიაში". - ინფორმაციას Ukrainska Pravda ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 


შეგახსენებთ, რომ ნორვეგიისა და ბალტიის ქვეყნების მსგავსად, ფინეთი რუსული ნომრების მქონე მანქანების აკრძალვას გეგმავს.

კომენტარები