ნორვეგია-რუსეთი

ნორვეგიის თვითმფრინავისთვის გზის გადასაჭრელად ავიაგამანადგურებელი გავუშვით – რუსეთი

МиГ-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი
The Moscow Times

რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ნორვეგიის თვითმფრინავის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის აღსაკვეთად ბარენცის ზღვის თავზე МиГ-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი გაგზავნა. 

"რუსული ავიაგამანადგურებლის მიახლოებისას უცხოურმა სამხედრო თვითმფრინავმა რუსეთის ფედერაციის საზღვრებიდან უკან დაიხია". - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

რუსული მხარის განმარტებითვე, P-8A Poseidon-ის ტიპის ნორვეგიულ თვითმფრინავს რუსეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნორვეგიულმა თვითმფრინავმა ფრენა საერთაშორისო წესების შესაბამისად შეასრულა.

NATO-ს წევრი ნორვეგია რუსეთთან სახმელეთო საზღვარს და ასევე საზღვაო საზღვარს ბარენცის ზღვაში იზიარებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ მისმა ზოგიერთმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა გეგმიური ფრენები შეასრულა ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვების ნეიტრალურ წყლებზე, მათ შორის, ბარენცის ზღვის თავზე.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა 14 აგვისტოს დილით შოტლანდიის სანაპიროსთან Ту-142-ის ტიპის ორ რუსული საზღვაო-საპატრულო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს.

გარდა ამისა, 14 აგვისტოს დილით დანიის საჰაერო ძალებმა გზა გადაუჭრა ორ რუსულ ბომბდამშენს, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყნის, ნიდერლანდების კონტროლირებადი ტერიტორიისკენ მიფრინავდა.

ამავე ინფორმაციით, 14 აგვისტოს დილითვე შესაბამისმა უწყებებმა ნიდერლანდების F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნის ბრძანება გასცეს. თუმცა, რუსულ ბომბდამშენებს გზა მანამ გადაუჭრეს, სანამ ისინი NATO-ს საჰაერო სივრცეში შევიდოდნენ.   

ნიდერლანდების საჰაერო ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ რუსული თვითმფრინავები არცთუ ისე იშვიათად არღვევენ ან უახლოვდებიან ნიდერლანდების საჰაერო სივრცეს.

კომენტარები