ნორვეგიის იუსტიციის მინისტრის, ემილი ენგერ მეჰლის თქმით, ნორვეგიამ შესაძლოა რუსეთთან საზღვარზე ღობე ააშენოს.
მედია NRK-თან ინტერვიუში საუბრისას მინისტრმა თქვა, რომ ფინეთში ვიზიტისას მან ნახა ფინეთისა და რუსეთის სასაზღვრო ღობის ნაწილი და თვლის, რომ ასეთი ღობე შესაძლოა კარგი იდეა იყოს ნორვეგიისთვისაც. ნორვეგიის მინისტრის აზრით, ღობე არამხოლოდ შემაკავაბელ ფუნქციას შეასრულებს, არამედ სენსორული ტექნოლოგიების დახმარებით საზღვართან რუსეთის მხრიდან მიახლოებული ადამიანების დაფიქსირებასაც შეძლებს.
ემილი ენგერ მეჰლმა თქვა, რომ მთავრობა მზად არის "რაც შეიძლება მალე" რუსეთთან საზღვარი სრულად დახუროს.
ნორვეგიის მთავრობა გარდა ღობის აშენებისა, განიხილავს რამდენიმე დამატებით ზომას, მაგალითად: პერსონალის ახალ დაკომპლექტებას, საზღვრის მეთვალყურეობას და დამატებით ზომებს სტორსკოგის სასაზღვრო გადასასვლელზე, რათა გაუმკლავდეს იქ მოძრაობის ნაკადს.
ნორვეგიის საზღვრის სიგრძე რუსეთთან 198 კილომეტრია. ღობე შესაძლოა მთელი საზღვრის გასწვრივ აშენდეს.
ნორვეგიამაც და ფინეთმაც, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, 2024 წლისთვის რუსეთიდან შენგენის ვიზით შემოსვლა მთლიანად დახურა. რუსეთიდან ორივე ქვეყანაში მოხვედრა მხოლოდ სხვა ტიპის ვიზით, სასწავლებლად ნათესავების მოსანახულებლადაა შესაძლებელი.