რუსეთმა ნორვეგია არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანა.
რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, გადაწყვეტილების შემდეგ ნორვეგიას რუსეთში ადგილობრივი მაცხოვრებლების დაქირავების რიცხვი 27-მდე შეეზღუდება.
ოსლოში ამბობენ, რომ მეზობელ რუსეთთან არამეგობრულად სულაც არ მოქცეულან და ეს მოვლენები მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომის ბრალია.
"დღევანდელი სიტუაცია რუსეთის უკრაინაში ომის შედეგია. რუსეთს თავად შეუძლია ომის დასრულება აირჩიოს. როგორც მეზობელ სახელმწიფოებს, ორივე ჩვენგანს გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობებისა და საკონტაქტო არხების ფუნქციონირების ინტერესი, მათ შორის რთულ პერიოდშიც". - თქვა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიკენ ჰუიტფელდტმა.
კომენტარი გააკეთა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმაც, რომლის თქმითაც, მოსკოვისგან საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღიათ, რის გამოც გადაწყვეტილების კონკრეტული შედეგების შესახებ საუბრისგან თავს იკავებენ.
2023 წლის აპრილში ჯაშუშობის ბრალდებით ოსლომ 15 რუსი დიპლომატი გააძევა, რასაც მოსკოვმა 10 ნორვეგიელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.
რუსეთი არამეგობრებად თვლის ქვეყნებს, რომლებიც "ჩადიან არამეგობრულ ქმედებებს საზღვარგარეთ რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების წინააღმდეგ".
სია კრემლმა 2022 წლის 7 მარტს შეადგინა და მასში თავდაპირველად 21 ქვეყანა იყო დასახელებული. სია შემდეგ ქვეყნებს მოიცავდა: ავსტრალია, ალბანეთი, ანდორა, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტაინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, კორეის რესპუბლიკა, სან მარინო, სინგაპური, აშშ, ტაივანი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია და იაპონია.
სია რამდენჯერმე გაფართოვდა, თუმცა მასში საქართველო ჯერ არ მოხვედრილა.