რუსეთი-ფინეთი

ბალტიის ქვეყნების მსგავსად ფინეთიც საზღვარზე რუსულნომრიანი მანქანების შესვლას აკრძალავს

ბალტიის ქვეყნების მსგავსად ფინეთიც საზღვარზე რუსულნომრიანი მანქანების შეშვების აკრძალვას გეგმავს. ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი YLE ავრცელებს

ფინეთი 8 სექტემბერს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას ითვალისწინებს. რუსულნომრიანი მანქანების შეშვების აკრძალვით კომისია სანქციებისგან თავის არიდების შეჩერებას ცდილობს. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა.

ევროკომისიის რეკომენდაცია ასევე გაითვალისწინეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. 

აკრძალვის გადაწყვეტილება პირველმა ლატვიამ მიიღო. 12 სექტემბერს 18:00 საათიდან რუსულნომრიან მანქანებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა შეეზღუდათ. 

საბაჟო სამსახურის განმარტებით მათ უფლება აქვთ საზღვრიდან გააბრუნონ რუსულნომრიანი მანქანა. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ტრანსპორტის კონფისკაციის უფლება აქვთ.

იმავე დღეს ევროკომისიის რეკომენდაცია ლიტვამაც გაითვალისწინა და საზღვარზე მანქანების შესვლა აკრძალა.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციას ესტონეთიც აღასრულებს. 

"მათ არ აქვთ უფლება დატკბნენ თავისუფლების პრივილეგიებით, მანამ, სანამ უკრაინა ომში არ გაიმარჯვებს". – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახკნამ.

8 სექტემბერს ევროკიმისიამ გამოსცა რეკომენდაცია, რომელიც რუსულნომრიანი მანქანების ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას კრძალავს. რეკომენდაცია ეხება ტურისტებსაც. სამივე ბალტიის ქვეყანამ რეკომენდაციის აღსრულების მზაობა გამოხატა. 

 

კომენტარები