საქართველო-რუსეთი

TI: საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება 2023 წელსაც იზრდება

transparency.ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს [TI] 29 სექტემბერს გამოქვყენებულ კვლევაში წერია, რომ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება კვლავ იზრდება. TI-ის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია.

ამასთან, TI-ის ინფორმაციით2022 წლის მარტიდან საქართველოში 3-ჯერ მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ვიდრე 1995-2021 წლებში. მეტიც, 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან 578 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია. რუსი მიგრანტების საქართველოში დასახლებამ ფულადი გზავნილების მნიშვნელოვნად ზრდაც განაპირობა. 2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნია, რომ 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 2.1 მლრდ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 5-ჯერ მეტია. TI-ის ინფორმაციითასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია, რომლებსაც რუსეთიდან ფულს უგზავნიან.

TI-ის კვლევის თანახმად, 2023 წლის პირველ ნახევარში რუსეთში 82 მლნ აშშ დოლარის ქართული ღვინო გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-იანი ზრდაა. ამასთან, საქართველოს ჯამურ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილიც გაიზარდა და 65%-ს მიაღწია, რაც 2013 წლიდან, ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კვლევა სრულად წაიკითხეთ აქ

კომენტარები