ყაზახეთი-რუსეთი

პრეზიდენტი თოყაევი: ყაზახეთი რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს ერთმნიშვნელოვნად დაიცავს

კასიმ-ჯომარტ ტოკაევი
rferl

ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის თქმით ყაზახეთი რუსეთი მიმართ დაწესებულ ყველა ევროპულ სანქციას დაიცავს.

ქვეყნის პირველმა პირმა განცხადება 28 სექტემბერს, ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"ყაზახეთმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს დაიცავს. ჩვენ გვაქვს კონტაქტები შესაბამის ორგანიზაციებთან, რათა შევასრულოთ სანქციების რეჟიმი". – თქვა თოყაევმა.

თოყაევმა ასევე თქვა, რომ სურს რაც შეიძლება მალე იხილოს რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან:

"დღეს პატივცემულ კანცლერს ვუთხარი, რომ სინამდვილეში სიტუაცია ძალიან სერიოზულია. როგორც რუსული, ისე უკრაინული მხარე საუბრობს მოლაპარაკებებზე, მაგრამ ჯერ არ არსებობს შესაბამისი პლატფორმა. უნდა შეწყდეს ურთიერთბრალდებები და მხარეებმა განიხილონ ვარიანტები, რომლებიც ორივე ქვეყანას აწყობს". 

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციისგან ყაზახეთის მიმართულებით საფრთხეს ვერ ხედავს:

"საზღვარი (რუსეთსა და ყაზახეთს შორის) თავის დროზე დელიმიტირებული, დემარკირებული, ორივე ქვეყნის მიერ რატიფიცირებული და პარლამენტების მიერ დამტკიცებულია. შესაბამისად ჩვენს ქვეყნებს არ აქვს სადავო ტერიტორიები".

თოყაევი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე პირველად არ ლაპარაკობს. მიმდინარე წლის ივნისში მედიაში გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ყაზახეთის გავლით რუსეთში სანქცირებული პროდუქცია შედის. თოყაევმა ბრალდებას "აბსოლუტური სიცრუე" უწოდა. 

კომენტარები