დენგეს ვირუსი

ბანგლადეშში ბოლო კვირებში დენგეს ვირუსით 1 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა

ბანგლადეშში ბოლო კვირებში დენგეს ვირუსით 1 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, ეს ქვეყანაში ვირუსის აფეთქების ყველაზე მძიმე შემთხვევაა.

ქვეყანაში დენგეს ციებ-ცხელების გავრცელებას ხელს უწყობს გადაუღებელი წვიმები, რაც ვირუსის გადამტან კოღოებს ბინძურ წყალში გამრავლებისთვის შესაბამის პირობებს უქმნის. 

როგორც BBC აღნიშნავს, ბანგლადეშის ხელისუფლება ვირუსის გავრცელების ტალღის შეჩერებას ვერ ახერხებს, ადგილობრივ საავადმყოფოებს კი პაციენტების კრიტიკულად ჭარბ რაოდენობასთან გამკლავება უჭირთ.

დენგეს ვირუსის სიმპტომებს შორის არის თავისტკივილი, ღებინება, სახრებისა და კუნთების ტკივილი. ზოგიერთ შემთხვევაში კი ვირუსი შინაგან სისხლდენას იწვევს, რაც ხშირ შემთხვევაში პაციენტის გარდაცვალებას იწვევს.

დენგეს ვირუსი ძირითადად ტროპიკულ ქვეყნებშია გავრცელებული, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც სანიტარული პირობების პრობლემა დგას, რაც ვირუსის მატარებელ კოღოებს სწრაფად გამრავლების საშუალებას აძლევს.

წლების წინ დენგეს ცხელება ბანგლადეშში სეზონურ ვირუსად ითვლებოდა, თუმცა, კლიმატის ცვლილებების შედეგად გახშირებულმა ცხელმა და უხვნალექიანმა მუსონებმა ვირუსის აფეთქება გამოიწვია.

ადგილობრივი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, ინფექციის ახალ ტალღასთან გამკლავებას ვირუსის ახალი, უფრო ძლიერი შტამიც ართულებს. ექიმების შეფასებით, გასულ წლებთან შედარებით ვირუსი პაციენტების სხეულში განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება.

კომენტარები