საქართველო-რუსეთი

ლავროვი: ნამდვილად გვიყვარს ქართველი ხალხი, როგორც კავკასიის ყველა ერი

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ირწმუნება, რომ ქართველი ხალხი "ნამდვილად უყვართ", ისე, "როგორც კავკასიის სხვა ერები".

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენ არასდროს გვქონია უარყოფითი დამოკიდებულება ქართველ ხალხთან, ნამდვილად გვიყვარს ქართველი ხალხი, ისე, როგორც კავკასიის ყველა ერი. როგორც რუსეთის ისტორიაში, ისე საბჭოთა კავშირის ისტორიაში, ჩვენი ხელოვნების ისტორიაში, კულტურაში, მეცნიერებაში, ქართველებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ". – თქვა ლავროვმა.

აქამდე, გასულ თვეში რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი ასევე ამბობდა, რომ ქართულ კულტურას "მაქსიმალურად დადებითად" უყურებდა და მეტიც, ის ირწმუნებოდა: "ყველაფერი, რაც კავშირშია ქართულ კულტურასთან, როგორც ცნობილია, მთლიანობაში ჩვენი კულტურის ნაწილად აღიქმება". ამის დასამტკიცებლად კი მწვადის მაგალითი მოიყვანა.

კომენტარები