საქართველო-რუსეთი

მედვედევს სჯერა, რომ ქართულ-რუსული "მეგობრობის აღდგენის" დრო შორს არ არის

დმიტრი მედვედევი
ТАСС

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა 26 აგვისტოს სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში თქვა, რომ მისი აზრით საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მალე გაუმჯობესდება.

"ისტორიაში დროს ხანგრძლივი მონაკვეთებით ზომავენ. ასეთი დრო აუცილებლად დადგება. მაგრამ როდის დადგება, მე არ ვიცი. მაგრამ მჯერა, რომ ის შორს არაა". – უპასუხა მედვედევმა ТАСС-ის ჟურნალისტების შეკითხვას, დადგება თუ არა დღე, როცა საქართველო და რუსეთი "მეგობრულ ურთიერთობებს დაუბრუნდებიან".

ამას გარდა, მედვედევის მტკიცებით, ის მაქსიმალურად დადებითად უყურებს ქართულ კულტურას, თუმცა ამავდროულად ამბობს, რომ ყველაფერი, რაც ქართულ კულტურასთანაა კავშირში, აღიქმება რუსული კულტურის ნაწილად, რაზეც მწვადის მაგალითი მოჰყავს.

"რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დადებითად ვუყურებ [ქართულ კულტურას]. ეს ძველი ერია, ძველი კულტურა, ჩვენთან ძალიან ახლო, რადგან მრავალი წელია მეზობლად ვცხოვრობთ, ჩვენს ქვეყანაში დიდი დიასპორაა. და ყველაფერი, რაც კავშირშია ქართულ კულტურასთან, როგორც ცნობილია, მთლიანობაში ჩვენი კულტურის ნაწილად აღიქმება... აი, ინტერნეტში რომ შეხვიდეთ და მოძებნოთ, მწვადი, მაგალითად, ან რამე მსგავსი, ბევრ ქვეყანაში ეს მიიღება არა როგორც კავკასიური სამზარეულოს ნაწილად, არამედ როგორც საერთო რუსული სამზარეულოს ნაწილად. ეს ერთ-ერთი მაგალითია. ეს ეხება მუსიკასაც, ელიტის, კულტურისა და პოლიტიკის წარმომადგენლებს. ამიტომ, რაც უფრო მალე მოხდება ურთიერთობების სრული ნორმალიზება, მით უკეთესი". – თქვა მედვედევმა.

მედვედევი: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა

კომენტარები