რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები შავი ზღვის ფლოტის მეთაურზე: ვაზუსტებთ ინფორმაციას

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები წერენ, რომ შავი ზღვის ფლოტის მეთაურ ვიქტორ სოკოლოვის სიკვდილზე აქამდე გავრცელებულ ცნობას ამოწმებენ.

"როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტზე სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურდა 34 ოფიცერი. არსებული წყაროები ირწმუნებიან, რომ დაღუპულთა შორისაა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურიც. ბევრის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ ვერ გახდა შესაძლებელი, რადგან სხეულის ფრაგმენტები მიმოფანტულია. რამდენადაც რუსები საჩქაროდ იყვნენ იძულებული თითქოსდა ცოცხალ სოკოლოვზე პასუხი გამოექვეყნებინად, ჩვენი ქვედანაყოფი ინფორმაციას აზუსტებს. ეს ხდება ჩატარებული ოპერაციის შედეგებზე მონაცემთა შეკრების პროცედურის ფარგლებში". – წერენ სპეციალური ოპერაციების ძალების ტელეგრამ-არხზე.

აქამდე, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი გამოჩნდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ონლაინ რეჟიმში ჩატარებულ სხდომაზე. ის მცირე ხნით ჩანდა და სიტყვით არ გამოსულა.

აქამდე უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებში ამბობდნენ, რომ სოკოლოვი სავარაუდოდ მოკლული იყო 22 სექტემბერს ანექსირებულ სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად.

22 სექტემბერს ოკუპირებულ ყირიმზე, სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე უკრაინელებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს. რუსული მედია წერდა, რომ შემთხვევის ადგილის მიმართულებით სასწრაფო დახმარების მანქანების დიდი რაოდენობა მიდიოდა. რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში ირწმუნებიან, რომ მათმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 5 რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა შენობა მათმა ნამსხვრევებმა დააზიანა.

რუსეთს დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაური, კირილო ბუდანოვი ამბობდა, რომ მოკლულია, სულ მცირე, 9 და დაშავებულია 16 სამხედრო, მათ შორის გენერლები. უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებში კი ამბობდნენ, რომ დაიღუპა 34 ოფიცერი და დაშავდა 100-ზე მეტი.

კომენტარები