ეძგვერაძეზე თავდასხმა

ოპოზიცია ერთობლივ განცხადებაში მელიას, დოლიძისა და კუპრავას გათავისუფლებას ითხოვს

ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები ერთობლივი წერილით 22 სექტემბერს გლდანში დაკავებული ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას ითხოვენ. საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად, ისინი საქართველოს ევროპულ მომავალზე თანხმდებიან. ერთობლივი წერილი ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა.

"22 სექტემბერს, საკრებულოს სახელისუფლებო პარტიის წევრის მიერ ძალადობისკენ ღია მოწოდებას მოჰყვა საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე ფიზიკური თავდასხმა, რომელშიც ჩართული იყვნენ სახელმწიფო და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები.

ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა, რომ ივანიშვილის ერთპიროვნული, დანაშაულებრივი, რუსული სტილის მმართველობა ყოველდღიურად ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის მომავალს და დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ნატოში გაწევრიანებაზე და ქვეყნისთვის დასავლური უსაფრთხოების ქოლგის მოპოვებაზე აქტიური მუშაობის ნაცვლად, ხელისუფლება აძლიერებს რუსულ პროპაგანდას.

საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მოლოდინის პარალელურად, აგრძელებს ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს და ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას სურს ძალაუფლება ავტორიტარიზმით, ოლიგარქიითა და რუსული კლეპტოკრატიით შეინარჩუნოს.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ფარცხალაძის დასანქცირებამ და ამის შემდგომ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილის კოლაბორაციონისტული ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს შეაჩეროს ქვეყნის ევროპულ ოჯახში, მის ისტორიული ადგილის დამკვიდრება.

ამის კიდევ ერთი დასტურია ნიკა მელიას დაკავება. მაშინ, როდესაც პოლიციას სათანადო საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია ოპოზიციონერ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძის მიმართ ძალადობაში მხილებული პირების წინააღმდეგ - დააკავეს ოპოზიციონერი ლიდერი.

ხელისუფლება მესამედ იყენებს ნიკა მელიას წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაშინ როდესაც რუსეთის ჯაშუშ, ბოტასების ქურდ, დადასტურებულად კრიმინალ, ბოროტმოქმედ და ტერორისტ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაში მყოფ ფარცხალაძეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ეფარება, რითაც აგრძელებს ევროატლანტიკური კურსის საბოტირებას.

ხელისუფლების მცდელობა, დააშინოს და დაიჭიროს პოლიტიკური ოპონენტები, ვერ მოიტანს მათთვის სასურველ შედეგს, იმიტომ რომ მიუხედავად კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობისა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი ვერ თანხმდება წარსულზე და ვერ თანხმდება აწმყოზე, ვთანხმდებით საქართველოს ევროპულ მომავალზე, ამ თანხმობით კი ავსახავთ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის აზრს.

ჩვენ, ქართული პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა და პარტიული კუთვნილებისა, ყველა, ვისაც გვაერთიანებს ევროპაში ინტეგრაციის სურვილი, გვაერთიანებს საქართველოს ისტორიით ნაკარნახევი ევროპული მომავალი, მოვითხოვთ ნიკა მელიას და მასთან ერთად დაკავებული ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლებას". - წერია ერთობლივ განცხადებაში.

ხელისმომწერი პოლიტიკურ პარტიები:

  • გირჩი - დროა;
  • ლელო;
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
  • სტრატეგია აღმაშენებელი - გიორგი ვაშაძე;
  • სამართლიანობისთვის - ეკა ბესელია;
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის;
  • ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია;
  • პროგრესი და თავისუფლება - კახა ოქრიაშვილი;
  • ტრიბუნა- დავით ჭიჭინაძე.

დეპუტატები, პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები:

  • გიორგი მარგველაშვილი;
  • ხატია დეკანოიძე;
  • რომან გოცირიძე;
  • თეონა აქუბარდია;
  • თამარ კორძაია;
  • ხათუნა სამნიძე;
  • არმაზ ახვლედიანი;
  • გიგი უგულავა".

22 სექტემბერს თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრს, ირაკლი ეძგვერაძესა და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას და მის მეგობრებს მოულოდნელად 20 ადამიანი დაესხათ თავს, ყველაფერი დალეწეს და მეგობრებს სასტიკად სცემეს. ეძგვერაძე ამბობს, რომ თავდასხმა 22 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომას უკავშირდება, სადაც ის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

შინაგან სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

მას შემდეგ რაც ეძგვერაძეზე თავდასხმაზე ინფორმაცია გავრცელდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გლდანში მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა. პარტიის ცნობით, დაკავებულები არიან ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი პოლიციამ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა".

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ცხელ კვალზე ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 22 სექტემბერს გლდანში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შედეგადაც ადგილიდან მიიმალნენ". - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" პუნქტით მიმდინარეობს. 

სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის რწმუნებული გლდანში დაკავებულ სამივე ოპოზიციონერს შეხვდა. 

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ნიკა მელიამ სახალხო დამცველის რწმუნებულს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები