ევროკომისიის რეკომენდაციები

Bloomberg: ევროკომისია უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე რეკომენდაციას გასცემს

ურსულა ფონ დერ ლეიენი, ჩარლზ მიშელი და ვლადიმირ ზელენსკი ერთად ბრიუსელში
Kenzo Tribouillard/AFP/Getty Images

ევროკომისია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რეკომენდაციის გასაცემად ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ევროკომისიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემასთან საუბარში ანონიმური წყარო აღნიშნავს, რომ რეკომენდაცია მომდევნო თვეში გამოქვეყნდება და დოკუმენტში ასევე იქნება მოთხოვნა რამდენიმე პრიორიტეტულ სფეროში რეფორმებში პროგრესის მიღწევის აუცილებლობის შესახებ, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლაში.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკომისიის რეკომენდაციაზე ხელის მოწერის შესახებ დეკემბრის სამიტზე იმსჯელებენ. როგორც წყარო Bloomberg-თან საუბარში აცხადებს, ჯერჯერობით უცნობია ზოგიერთი წევრი ქვეყნის, მათ შორის, უნგრეთის პოზიცია.

რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში, ზემოხსენებული პროცედურების შემდეგ, უკრაინა რეფორმების დასრულების და 30-მდე სხვადასხვა სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსვლის ხანგრძლივ პროცესს დაიწყებს.

კომენტარები