ბობ მენენდესი

ამერიკელ სენატორსა და მის ცოლს ქრთამის აღების საქმეზე ბრალი წარუდგინეს

ბობ მენენდესი
Washingtonexaminer

22 სექტემბერს აშშ-ში, ნიუ ჯერსის შტატის სენატორს, ბობ მენენდესს ქრთამის აღების დანაშაულზე ბრალი წარუდგინეს.

პროკურორების თქმით, მენენდესმა და მისმა ცოლმა სხვადასხვა სახის ქრთამი, მათ შორის, ნაღდი ფული, ოქროს ზოდები, იპოთეკაში გადასახდელი თანხები და ძვირადღირებული მანქანა მიიღეს. მათივე თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ სენატორმა ქრთამის ნაწილი საკუთარი გავლენების "ეგვიპტის მთავრობის სასარგებლოდ" გამოყენების სანაცვლოდ აიღო.

ფედერალურმა აგენტებმა სენატორის სახლის ჩხრეკის დროს 480 000 აშშ დოლარი ნაღდი ფული აღმოაჩინეს. ფულის დიდი ნაწილი კონვერტებში იყო "ჩატენილი და ტანსაცმელში, სეიფსა და კარადებში იყო შენახული". გარდა ამისა, გამომძიებლებმა სენატორის ავტოფარეხში ძვირადღირებული მანქანა და 100 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები იპოვეს.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ მენენდესი, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს, ეგვიპტეს საიდუმლოდ ეხმარებოდა. კერძოდ, სენატორმა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი და არასაჯარო ინფორმაცია ეგვიპტის მთავრობის წარმომადგენლებს გადასცა. გარდა ამისა, მან საიდუმლოდ დაწერა წერილი, რომელშიც სხვა ამერიკელ სენატორებს მათი ქვეყნის დასახმარებლად 300 მილიონი დოლარის გამოყოფისკენ მოუწოდებდა. ხელისუფლება ასევე ამტკიცებს, რომ სენატორი მისი თანამოაზრის მიმართ დაწყებული კრიმინალური გამოძიებისთვის ხელის შეშლას აშშ-ს ადვოკატის კანდიდატზე ზეწოლით ცდილობდა.

ამავდროულად, პროკურატურის ვერსიით, მენენდესმა და მისმა ცოლმა ქრთამის სახით აიღეს ასობით ათასი დოლარი სამი ნიუ-ჯერსელი ბიზნესპარტნიორისგან: ვაელ ჰანასგან, ხოსე ურიბესგან და ფრედ დაიბესგან. სანაცვლოდ კი მენენდესი საკუთარ გავლენას იყენებდა ნიუ ჯერსის ოლქის პროკურორის პოსტზე ფილიპ სელინჯერის ნომინირებისთვის, რადგან სჯეროდა, რომ სელინჯერზე გავლენის მოხდენას შეძლებდა და ამ გზით დაიცავდა ფრედ დაიბესს, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ სელინჯერი დანაშაულში ბრალდებული არ არის.

სენატში დემოკრატიული პარტიის ფრაქციის წესდების მიხედვით, მენანდესი ვალდებულია საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს, თუმცა მას კომიტეტში წევრად დარჩენის უფლება კვლავ აქვს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მენენდესს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. ბოლო 10 წლის განმავლობაში სენატორი კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულზე ბრალდებული მეორედ გახდა. 2015 წელს მას ბრალი წაუყენეს მდიდარი ფლორიდელი თვალის ექიმისგან ქრთამის აღებისთვის.

კომენტარები