რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დახმარების ახალ სამხედრო პაკეტს გადასცემს

ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში, 2023 წლის 21 სექტემბერს 
AP Photo/Evan Vucci

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში იმყოფება. 21 სექტემბერს ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდა. პრეზიდენტებს შორის გამართულ კონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს - ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპული განყოფილების დირექტორის, ამანდა სლოუტის თქმით, პაკეტის შემადგენლობაში არ შევა ტაქტიკური სარაკეტო სისტემები (ATACMS). თუმცა, სლოუტს არ გამოურიცხავს მათი უკრაინისთვის მომავალში მიწოდება.  

აშშ-ის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა NBC News-ს დაუდასტურა, რომ დახმარების პაკეტი 325 მილიონ დოლარამდე ღირებულების იქნება. 

"ეს იქნება მეოთხე პაკეტი, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ ბოლო ექვს კვირაში და მოსალოდნელია, რომ იგი ძირითადად საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო ტექნიკით იქნება დაკომპლექტებული, იმით რაც ახლა უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება". - ამბობს სლოუტი. 

გარდა ამისა, შეხვედრის დაწყებამდე ბაიდენმა პრესასთან მოკლე კომენტარი გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, არცერთი ქვეყანა არ იქნება დაცული, თუ აშშ არ დაეხმარება უკრაინას საკუთარი ტერიტორიის რუსეთისაგან დაცვაში.

“თუ ჩვენ დავუშვებთ უკრაინის დამარცხებას და მისი სახელმწიფოს დაშლას, არის თუ არა რომელიმე ერის დამოუკიდებლობა უსაფრთხო? პატივისცემით მოგახსენებთ, რომ პასუხი არის არა. დღეს ჩვენ უნდა აღვუდგეთ ამ შიშველ აგრესიას და შევაკავოთ პოტენციური აგრესორები". - თქვა ბაიდენმა. 

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდგომ ეს ზელენსკის მეორე ვიზიტია ვაშინგტონში. 

ამასთანავე, პრეზიდენტი 21 სექტემბერს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. 

შეგახსენებთ , რომ 19 სექტემბერს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ უკრაინა მალე M1 Abrams-ის ტიპის ტანკებს მიიღებს. ლოიდ ოსტინმა უკრაინისადმი დახმარების გაგრძელებაზე გერმანიაში, რამშტეინის სამხედრო ბაზაზე პენტაგონის შეხვედრის გამხსნელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

კომენტარები