რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Fire Point-ის დამფუძნებელი უკრაინულ ბალისტიკურ რაკეტებსა და ომის მიმართულებაზე საუბრობს

უკრაინული თავდაცვის კომპანია Fire Point-ის დამფუძნებელი და მთავარი დიზაინერი, დენის შტილერმანი
Костянтин Ліберов/LIBKOS, для Forbes Ukraine

უკრაინული თავდაცვის კომპანია Fire Point-ის დამფუძნებელმა და მთავარმა დიზაინერმა, დენის შტილერმანმა, ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში უკრაინული ბალისტიკური რაკეტების წარმოების ვადებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ბალისტიკური დარტყმები "შემოდგომიდან დაიწყება". 

"შემოდგომით მოსკოვზე [ბალისტიკური რაკეტებით] დარტყმები იქნება. ახლა ჩვენი ამოცანაა ძრავის სტატიკური ცეცხლის ტესტირება და იმის უზრუნველყოფა, რომ სტრუქტურაში არაფერი არ დაიშალოს – რომ თერმულმა დამცავმა გაუძლოს და ძრავამ ისე იმუშაოს, როგორც ჩანაფიქრში გვაქვს. ამის შემდეგ ჩვენ [ბალისტიკურ რაკეტას] გავუშვებთ – მაშინვე ჩავატარებთ სატესტო ფრენასა და ვნახავთ, მუშაობს თუ არა ყველაფერი ფრენის გეგმის შესაბამისად. ამის შემდეგ რუსეთის ტერიტორიის შიგნით ფრენები დაიწყება. არმია გადაწყვეტს, სად გაუშვებენ მათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი თავიდანვე მნიშვნელოვანი სამიზნეებისკენ იქნება მიმართული." – ამბობს შტილერმანი ინტერვიუში, რომელიც Youtube-ზე გამოქვეყნდა. 

ცნობისთვის, შტილერმანმა Fire Point 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დააარსა და მას შემდეგ თავდაცვის კომპანიამ არმიისთვის შორი რადიუსის დრონების, ფრთოსანი რაკეტებისა და ბალისტიკური რაკეტების სისტემების წარმოება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერში კომპანიის საკონსულტაციო საბჭოს წევრი გახდა აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

კომპანიის თანადამფუძნებელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან ომი ვერ დასრულდება მანამ, სანამ უკრაინა 1991 წლის საზღვრებს არ დაიბრუნებს და "რუსეთის იმპერიას არ გაანადგურებს".

"ეს ომი ვერ დასრულდება, სანამ 1991 წლის საზღვრებს არ აღვადგენთ... ვერ დასრულდება, სანამ რუსეთის იმპერიას არ გავანადგურებთ ან ერთგვარ 500-კილომეტრიან დემილიტარიზებულ ზონას არ შევქმნით რუსეთის ტერიტორიაზე, ისიც იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი თავისით არ დაიშალა. ვინაიდან სხვაგვარად ჩვენ გავხდებით ქვეყანა, რომლის გვერდითაც აგრესიული მეზობელი ცხოვრობს და მოგვიწევს უშველებელი ოდენობის თანხის დახარჯვა ამ მეზობელთან გასამკლავებლად." – განაცხადა მან.

შტილერმანის თქმით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე დანიშნული მიხაილ დრაპატი გულწრფელი ადამიანია, რომელსაც რუსეთთან მიმართებით უკომპრომისო პოზიცია უკავია. 

"ახალი ხელმძღვანელობა ძალიან ნიჭიერია. [არმიის მთავარსარდალ] დრაპატის უკომპრომისო პოზიცია უკავია რუსეთთან მიმართებით. ის პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთს, როგორც ქვეყანას, არსებობის უფლება არ აქვს, რადგან ის იმპერიაა და, ჩემი აზრით, ისინი შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, რომლის ფარგლებში მიღებული ზომები, რა თქმა უნდა, რუსეთის დაშლას გამოიწვევს." – ამბობს ის ინტერვიუში.

გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად მას შემდეგ დაინიშნა, რაც ზელენსკიმ პოსტიდან ოლექსანდრ სირსკი დაითხოვა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სირსკის გადაყენების მოთხოვნით უკრაინაში გამართული საპროტესტო აქციები, რაც ზელენსკის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მიხაილო ფედოროვის გათავისუფლებამ გამოიწვია. 

ამას გარდა, შტილერმანმა ინტერვიუში რუსეთის მოსახლეობას ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, რუსეთისთვის ვითარება ყოველდღიურად გაუარესდება: "თქვენი ყველა დანაზოგი უკვე ომისთვისაა განკუთვნილი. [ბანკებიდან] ფული გამოიტანეთ, სანამ გვიანი არაა." – დაამატა მან. 

კომენტარები