ოთარ ფარცხალაძე

თურნავა: კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაგვემორჩილოს, ბანკებთან სრულ უნისონში ვართ

ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მტკიცებით, ოთარ ფარცხალაძის გამო მიღებულ საგამონაკლისო წესთან დაკავშირებით სებ-ს ქართულ ბანკებთან "სრული სინერგია" ექნება. მისივე თქმით, "ქართულ კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს," რადგან კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით.

"მაგრამ მინდა განვმარტო: მეც იგივე წინადადებით და ინფორმაციით დავიწყე ბრიფინგი, რომ ჩვენც ცალსახად ვასრულებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. აღსრულება არის გაცილებით უფრო ფართე პროცესი, ვიდრე არის რაღაც ნიუანსები, რომლებიც არის ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული კანონმდებობით დაზუსტებული.

სრულ უნისონში ვართ საქართველოს საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან, ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებს და საერთაშორისო ვალდებულებებს.

ჩვენ ვიცით, რომ თითოეულ საფინანსო ინსტიტუტს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებებიც გააჩნია, რასაც ჩვენ პატივს ვცემთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ვალდებულებებიც განუხრელად შესრულდეს და აქ ჩვენ ერთიანები ვართ - ვართ მუდმივ კომუნიკაციაში თუ როგორ მოხდეს ამ დაზუსტების იმპლემენტაცია იმდაგვარად, რომ შესაბამისობაში იყოს მათ საერთაშორისო ვალდებულებებთან და ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებთან. კონკრეტულ დეტალებს არ გავახმოვანებ, რადგან ეს ეხება საბანკო საიდუმლოებასაც, სხვადასხვა იურიდიულ ნაწილს და ნორმას, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ სრული სინერგია გვექნება" - ამბობს თურნავა TBC ბანკის და საქართველოს ბანკის განცხადებებზე, რომ საერთაშორისო სანქციების შესაბამისად იმოქმედებენ.

დამატებით კითხვაზე, ბანკებსაც მოუწევთ თუ არა ქართული სასამართლოს განაჩენს დაელოდონ, თურნავა პასუხობს - "ჩვენი გადაწყვეტილების ადრესატები არიან კომერციული ბანკები და საფინანსო სექტორი, მათ მიმართ არის ეს ინსტრუქცია, მათ უნდა იხელმძღვანელონ ამ ინსტრუქციით... სანქციების აღსრულება არის უფრო ფართო ცნება, ვიდრე კონკრეტული სანქცირებული პირის უზრუნველყოფის ღონისძიებები".

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება 19 სექტემბერს შეიტანა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ საქართველო არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად", თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესების "პირველი პრეცედენტია".

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა - მისი მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა.  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და ФСБ-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა ФСБ-თან კავშირით".

ამის შემდეგ, ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს. ეროვნული ბანკის განმარტებით, 2022 წლის 26 თებერვლიდან საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად - სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის შესაძლებლობა.

აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო. კანონმდებლობით, პირს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა უწყდება. 

ფარცხალაძის ორმაგ მოქალაქეობაზე სალომე ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ "საქართველოს პრეზიდენტთან ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა". პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბოლო განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას და მას "დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს".

კომენტარები