ოთარ ფარცხალაძე

კობახიძე მედიას: ახლა გავიგე თქვენგან, რომ ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეცაა

იმედი

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მან არ იცოდა, რომ ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეცაა.

"თქვენგან გავიგე, რომ ერთი წელია რუსეთის მოქალაქეა, ეხლაც არ ვიცი... მოქალაქეობის შესახებ მართლა არ ვიყავი ინფორმირებული. საქართველოს მოქალაქე რომ არის, ეგ ყველამ იცის, რუსეთის მოქალაქეობის შესახებ კი არ ვიცოდი, მართლა არ ვიცოდი... ეტყობა, თქვენს მედიას არ ვუყურებ. ზოგადად, უშუალოდ მედიას იშვიათად ვუყურებ, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ. მე მართლა არ ვიყავი ინფორმირებული დამატებითი მოქალაქეობის თაობაზე, დღეს გავიგე თქვენგან, მეტი ინფორმაცია არ მაქვს" - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო. რაც შეეხება ფარცხალაძის ორმაგ მოქალაქეობას, სალომე ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ "საქართველოს პრეზიდენტთან ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა".

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა.  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-თან კავშირით".

კომენტარები