ოთარ ფარცხალაძე

ნებისმიერი თავმოყვარე იურისტი ამ შეფასებას გააკეთებდა – კობახიძე სებ-ს ისევ აკრიტიკებს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმეორებს, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება. მისივე მტკიცებით, ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპიც.

"ჩვენთვის სახელმძღვანელო პრინციპი არის საქართველოს კონსტიტუცია და არამარტო კონსტიტუცია. ეს არის, მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, სადაც პირდაპირ არის მოცემული საკუთრების უფლების შეზღუდვის ჩარჩოები, ფარგლები და სტანდარტები.

ამ დოკუმენტებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია ის განცხადება, რომელიც გაკეთდა ეროვნული ბანკის მხრიდან. ამას ვამბობ მე, პირველ რიგში, როგორც იურისტი.

საკუთრების უფლების შეზღუდვას აქვს თავისი სტანდარტი. გარდა ამისა, სტრასბურგის პრაქტიკის მიხედვით, ასეთი ტიპის სანქციები წარმოადგენს თავისი არსით სისხლის სამართლებრივ სასჯელს და ზუსტად იმავე სტანდარტებით არის შესაფასებელი, როგორც ნებისმიერი სხვა სასჯელი. რეალურად ხდება რა? სინამდვილეში, წესდება სამართლებრივი სასჯელი კონკრეტული პირის მიმართ ისე, რომ მის მიმართ არ არის გამოტანილი შესაბამისი განაჩენი, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს. ნებისმიერმა თავმოყვარე იურისტმა, რომელიც გათვითცნობიერებულია ადამიანის უფლებების კონცეფციაში, მხოლოდ ასეთი შეფასება შეიძლება გააკეთოს ამ თემასთან დაკავშირებით" - ამბობს კობახიძე.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა.  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-თან კავშირით".

ამის შემდეგ, ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს. ეროვნული ბანკის განმარტებით, 2022 წლის 26 თებერვლიდან საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად - სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის შესაძლებლობა.

კომენტარები