ე.წ. გადატრიალების საქმე

სუს: ოქტომბერ-დეკემბერში გარკვეული ჯგუფები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას გეგმავენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს.

სუს-ის განცხადების მიხედვით, ოქტომბერ-დეკემბერში საბოლოო პასუხი იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და დესტაბილიზაციის ორგანიზატორებს აქვთ გათვლა, რომ პასუხი იქნება უარყოფითი და ამის ნიადაგზე შესაძლებელი იქნება ქვეყანაში არეულობის დაწყება.

"სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი, რაც მათ განკარგულებაში არსებული საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად დამაგრებული “პრორუსულობის“ ლოზუნგით, შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისათვის". – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გეგმის ავტორებს შორის სუს-ი ასახელებს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილეს, გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი დაცვის წევრს, მიხეილ ბატურინს, უკრაინაში მოქმედ ქართული ლეგიონის მეთაურ მამუკა მამულაშვილს. ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღნიშნულ გეგმის განხროციელება უცხო ქვეყნის კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება, თუმცა, განცხადებაში არ არის დაზუსტებული, რომელი ქვეყანა იგულისხმება.

სუს-ი ამტკიცებს, რომ გეგმის შესრულებაში ჩართული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება მოხდება სპეციალური ორგანიზაციების მიერ. 

"დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია კანვასი, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია ოტპორი. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

სუს-ის განცხადების მიხედვით, განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს "კარვების ქალაქის" მოწყობას, ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადების აღმართვას. სუს-ის მტკიცებით, ორგანიზატორები განიხილავენ საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული ევრომაიდანის მსგავსი სცენარის განხორციელებს. 

"ცნობილია, რომ გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციების მიმდინარეობის ადგილას, კერძოდ ეგრეთ წოდებული „კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ კარავში შეტანილი იქნება ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს. აღნიშნულმა, მათი დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით უნდა გამოიწვიოს საპროტესტო აქციებში მონაწილე მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში მსხვერპლი. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში, დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის". – აცხადებს სუს-ი. 

კომენტარები