რუსეთი

BAZA: რუსეთში, ირკუტსკში ვერტმფრენიდან დესანტი დაჯდა და კომპანიის შენობა დროებით დაიკავა

კადრები BAZA-ს გავრცელებული ვიდეოებიდან

რუსული ტელეგრამ-არხი BAZA ავრცელებს ცნობასა და ვიდეომასალას, რომლის მიხედვითაც სექტემბრის დასაწყისში ირკუტსკის ოლქში, ნავთობკომპანია დულისმას ტერიტორიაზე ვერტმფრენებიდან დასვეს დესანტი. ცნობის მიხედვით, შეიარაღებულმა პირებმა საწარმოს მიდამოები დროებით დაიკავეს, თანამშრომლები კი, ფაქტობრივად, მძევლებად ჰყავდათ აყვანილი.

როგორც BAZA წერს, 23 შეიარაღებული პირი, რომლებმაც საწარმოს ტერიტორია დროებით დაიკავეს, ამბობდა, რომ რომელიღაც დაცვის კერძო კომპანიაში მუშაობდნენ. ტელეგრამ-არხის ცნობით, თვითმხილველების თქმით მებრძოლები ვერტმფრენებიდან ჩამოვიდნენ, დაიწყეს სროლა და ყველა მიწაზე დააწვინეს. BAZA ხაზს უსვამს, რომ შეიარაღებულებს საწარმოს თანამშრომლები არ აინტერესებდათ და კომპანია ირწმუნება, რომ უცნობმა პირებმა ბიზნესის საბუთები მიითვისეს და ახლა რამდენიმე საწვავისა და ენერგეტიკის ობიექტებს აკონტროლებენ. 

BAZA-ს გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს კედელთან დაყენებული თანამშრომლები, რომლებსაც ხელები თავზე უწყვიათ. 

უცნობია თუ ვინ გაგზავნა ობიექტზე შეიარაღებული პირები, თუმცა, როგორც BAZA ხაზს უსვამს, კომპანია დულისმას აკავშირებენ ბანკი იუგრას მფლობელთან, ალექსეი ხოტინთან, რომელიც ახლა თანხების მითვისების გამო პატიმრობაშია. როგორც BAZA აღნიშნავს, გასულ წელს ამავე ბიზნესმენის სხვა კომპანიაშიც, კაიუმ ნეფტშიც მსგავსად შეიჭრნენ დაცვის კერძო კომპანიის შეიარაღებული პირები.

BAZA-ს ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის შესახებ იციან და 14 სექტემბერს რეიდთან დაკავშირებით განაცხადიც მიიღეს, თუმცა უწყება საქმეში ჯერ არ ჩართულა.

კიდევ ერთი რუსული ტელეგრამ-არხი, SHOT-ი ასევე ავრცელებს ცნობას ირკუტსკის ოლქში, კირენსკის რაიონში მომხდარი შემთხვევის შესახებ. ამ მედიის მტკიცებით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მათ უთხრეს, რომ კომპანია დულისმას ორი მეწილე იყოფს და ისინი ვერ თანხმდებიან, თუ ვის ეკუთვნის საწარმო. SHOT-ი ირწმუნება, რომ რუსეთის შსს-ს თქმით, მიღებული იყო გარკვეული გადაწყვეტილება, რომლის შესასრულებლადაც გამოიყენეს სპეცრაზმი. ამის მიუხედავად, SHOT-იც წერს, რომ თვითმხილველების თქმით, შეიარაღებულმა პირებმა თავის დაცვის კერძო კომპანიის წარმომადგენლებად წარდგინეს.

როგორც SHOT-ი წერს, დულისმას თანამშრომლები ამბობენ, რომ შეიარაღებულ პირებს ხელმძღვანელობდა კომპანიის მოქმედი მმართველი, რომელიც ახლა, როგორც ჩანს, მეორე მეწილის ინტერესებს იცავს.

კომენტარები