ყირგიზეთი

ყირგიზეთში კულტურის სამინისტრო TIKTOK-ის დაბლოკვას ითხოვს

ბიშკეკის ცენტრალური მოედანი
Britannica

ყირგიზეთის კულტურის, ინფორმაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სოციალური ქსელის TikTok დაბლოკვას ითხოვს. უწყებამ უკვე მიმართა ციფრული განვითარების სამინისტროს.

სამინისტრო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სოციალურ ქსელ TikTok-ს ბავშვების ფსიქიკურ განვითარებასა და ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა აქვს.

ანგარიშებში წერია, რომ "ეს სოციალური ქსელი მომხმარებელს მოკლე ვიდეოკლიპების ვირტუალურ სამყაროში ითრევს, რომელთა ნახვის შემდეგ მოზარდები ცდილობენ გაიმეორონ ვიდეოში ნაჩვენები მოქმედება, ზოგიერთი ასეთი მოქმედება სიცოცხლისთვის საშიშია. გარდა ამისა საბავშვო ფსიქიკა არამდგრადი და ფორმირებადია და მსგავსი კონტენტი, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას გავლენას ახდენს ემოციურ მდგომარეობაზე".

არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებთან გაცნობის შემდეგ კულტურის სამინისტრომ თავისი კვლევა ჩაატარა და დაადგინა, "რომ პლატფორმა ჯანმრთელობისთვის საზიანო ინფორმაციას არ ბლოკავს და არ გააჩნია ასაკობრივი შეზღუდვის ფუნქცია".

"მრავალრიცხოვანი მომართვების გათვალისწინებით და კულტურის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე ვითხოვთ სოციალურ ქსელ TikTok-ის დაბლოკვას ყირგიზეთის ტერიტორიაზე". – წერია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები