ჰანტერ ბაიდენი

ჰანტერ ბაიდენს იარაღის უკანონო შეძენასთან დაკავშირებით ბრალი სამი მუხლით წარუდგინეს

ჰანტერ ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილს, 53 წლის ჰანტერ ბაიდენს იარაღის უკანონო შეძენასთან დაკავშირებით ბრალი სამი მუხლით წარუდგინეს

ბაიდენს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას ცრუ განცხადებებთან დაკავშირებით ორი მუხლით წარუდგინეს, ხოლო მის წინააღმდეგ წარდგენილი დამატებით ერთი ბრალდება ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დროს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობას გულისხმობს.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, 2018 წლის ოქტომბერში, დელვერის იარაღის მაღაზიაში ბაიდენმა Colt Cobra Special-ის ტიპის რევოლვერის შეძენის დროს წარდგენილ, ფედერალური მანდატით დადგენილ ფორმებში იცრუა. მან დოკუმენტებში ჩაწერა, რომ არ იყო სტიმულანტების, ნარკოტიკების ან სხვა კონტროლირებადი ნივთიერების უკანონო მომხმარებელი, მაშინ, როცა რეალურად კოკაინზე იყო დამოკიდებული.

ჰანტერ ბაიდენი შეძენილ იარაღს 11 დღის განმავლობაში ინახავდა. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა იმდროინდელმა შეყვარებულმა 38-კალიბრიანი პისტოლეტი სასურსათო მაღაზიის უკან მდებარე ნაგვის ურნაში გადააგდო.

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური კანონით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას ტყუილი და ნარკოტიკების მოხმარებისას ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულებია.

ივნისში საპროცესო შეთანხმების გაფორმების მცდელობისას ბაიდენმა გადასახადების გადაუხდელობის ორ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობის ბრალდების აღიარებაც მოუწევდა, თუმცა საბოლოოდ გარიგება ვერ შედგა. აშშ-ს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, მარიელენ ნორეიკას თქმით, “შეთანხმებას ბეჭედს ვერ დაარტყამდა”, რადგან იარაღთან დაკავშირებულ საქმეზე ასეთი სახის გადაწყვეტა “უჩვეულო” იქნებოდა.

ამჟამად ჰანტერ ბაიდენისთვის წარდგენილი სამივე ბრალი ერთობლივად მაქსიმუმ 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯერჯერობით უცნობია სად და როდის წარდგება ბაიდენი პირველად სასამართლოს წინაშე. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა მოქმედი პრეზიდენტის შვილს ბრალი წარედგინა.

კომენტარები