ჰანტერ ბაიდენი

რესპუბლიკელების გავრცელებული ჩანაწერით, ჰანტერ ბაიდენი რუს ოლიგარქებთან დაკავშირებულია

ჰანტერ ბაიდენი და ჯო ბაიდენი
Politico

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯეიმს კომერმა 9 აგვისტოს ბაიდენის ოჯახის საგარეო ბიზნესის შესახებ საბანკო ჩანაწერების მესამე ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, ჰანტერ ბაიდენი და მისი ბიზნესპარტნიორები რუსი და ყაზახი ოლიგარქებისგან მილიონობით დოლარს იღებდნენ მაშინ, როდესაც ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი იყო.

19-გვერდიან ანგარიშში, რომელშიც საბანკო ჩანაწერებიც გვხვდება, წერია, რომ გადახდები ასევე მიღებულ იქნა უკრაინული ენერგეტიკული კომპანიის Burisma Holdings-ისგან, ასევე, რუსი ოლიგარქის, ელენა ბატურინასა და ყაზახ ოლიგარქ კენეს რაკიშევისგან. ასევე ნაჩვენებია ისიც, რომ ვიცეპრეზიდენტობის დროს ბაიდენი თავადაც ესწრებოდა ვახშამს ბატურინასა და რაკიშევთან.

"მაშინდელი ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი პირადად, მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში ხვდებოდა ამ პირებს ან მათ წარმომადგენლებს. მან [ჯო ბაიდენმა] ჰანტერ ბაიდენის უცხოელ ბიზნეს პარტნიორებთან დაახლოებით 20 სატელეფონო ზარი გამართა და უცხოელ ოლიგარქებთან ერთად ვაშხმებს ესწრებოდა - ისინი იყვნენ პირები, რომლებმაც ჰანტერ ბაიდენს უზარმაზარი თანხები გადაუხადეს". - წერია ანგარიშში.

მესამე ანგარიშის გამოქვეყნებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ოჯახის წევრები ფინანსურ მოლაპარაკებებს ჩინეთსა და რუმინეთშიც აწარმოებდნენ. კომიტეტის ცნობით, ჯამში საქმე 20 მილიონ დოლარზე მეტ თანხას ეხება.

ასევე, 20 ივნისს, ჰანტერ ბაიდენმა  გადასახადებთან დაკავშირებულ ორ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და იარაღის უკანონოდ შეძენასთან დაკავშირებულ ბრალდებაზე პროკურორთან შეთანხმება გააფორმა.

"ჰანტერს სჯერა, რომ მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობა აიღოს იმ შეცდომებზე, რაც მან დაუშვა მის ცხოვრებაში არეულობისა და დამოკიდებულების პერიოდში". – ამბობს ჰანტერ ბაიდენის ადვოკატი, კრისტოფერ კლარკი.

გამოძიება ეხება ჰანტერ ბაიდენის მიერ 2017 და 2018 წლებში გადასახადების განსაზღვრულ ვადაში დაუფარველობას. ბაიდენის ადვოკატმა 2022 წელს CNN-თან აღნიშნა, რომ ეს წლები ბაიდენის ცხოვრებაში სირთულეებთან იყო დაკავშირებული, კერძოდ, მას ჰქონდა ნარკოტიკული დამოკიდებულების პრობლემა. კრისტოფერ კლარკის თქმით, მისმა კლიენტმა აღნიშნული თანხა შემდგომ სრულად დაფარა. სასამართლოს მიხედვით, ჰანტერ ბაიდენს პატიმრობის საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, მას მოუწევს სასჯელის პრობაციით მოხდა. 

ამასთან ერთად, კიდევ ერთი გამოძიებით დადგინდა, რომ ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს ცეცლხსასროლი იარაღი შეიძინა მაშინ, როდესაც ის ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული, რაც კანონით აკრძალულია. ბაიდენმა საქმის პროკურორთან მიაღწია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ის ამ საქმეზე არ გასამართლდება იმ პირობით, რომ ის მომდევნო 24 თვის მანძილზე არ მოიხმარს ნარკოტიკს და აღარასდროს შეიძენს ცეცხლსასროლ იარაღს. 

კომენტარები