ბავშვთა განვითარების ცენტრი

კალაძე ცენტრის ბენეფიციარებზე: არავის არაფერს დავუკარგავთ, სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან

თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბენეფიციარები სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

"ჩვენ გუშინ მოგვაწოდეს წერილი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, რომ ავარიულობიდან გამომდინარე ცენტრი ვერ გააგრძელებს მუშაობას. რა თქმა უნდა, პირველი უსაფრთხოება არის, რამე პრობლემა არ მოხდეს და ბავშვები უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს. რაც შეეხება იმ ბავშვებს, ვინც აღნიშნულ ცენტრში იღებდა მომსახურებას, ჩვენ არავის არაფერს არ დავუკარგავთ, სხვა ცენტრებში იქნება გადანაწილებული, ჩვეულებრივად მიიღებენ დაფინანსებას და არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ მუნიციპალიტეტის მხრიდან". - თქვა კალაძემ. 

მოქალაქე გვანცა გულიაშვილმა 13 სექტემბერს Facebook-ის პირად გვერდზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის დახურვის შესახებ პოსტს გამოაქვეყნა. როგორც გულიაშვილი წერს, ცენტრის დახურვის შესახებ ბენეფიციარებს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აცნობეს და ამის მიზეზად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის დანგრევა დაასახელეს, რასაც მისივე თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ითხოვს. გულიაშვილი ამბობს, რომ ბენეფიციარი ბავშვები, რომელთაც სასიცოცხლოდ სჭირდებათ ცენტრის დახმარება, უალტერნატივოდ დატოვეს და სანაცვლოდ არანაირი გეგმა არ შესთავაზეს.

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტი აუტიზმისა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა და მოზარდთა სოციალური ინტეგრაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების ხელშეწყობას უზრუნველყოფს. ამჟამად ცენტრს 180-მდე ბენეფიციარი ჰყავს. 

კომენტარები