ილიაუნი

ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის ბენეფიციარები სხვა სივრცეებში გადანაწილდებიან – ილიაუნი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, შენობა, სადაც ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრია, საფრთხის შემცველია. ილიაუნის კანცლერის, ქეთი ლაკირბაიას თქმით, ილიაუნიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავარიულ შენობაში მიმდინარე სწავლის პროცესი სხვა შენობებში გადანაწილდეს.

ლაკირბაია ასევე ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასაც ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დახურვასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ბენეფიციარების სხვა სივრცეებში გადანაწილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ბავშვის განვითარების ინსტიტუტს სჭირდება სპეციფიკური სივრცეები - სენსორული ოთახი, თერაპიის ოთახები, ამიტომ მათი გადანაწილება ჩვეულებრივ საკლასო ოთახებში ვერ ხერხდება, შესაბამისად, სხვადასხვა მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი, რომ ბენეფიციარებისა და სპეციალისტების ინტერესების გათვალისწინებით, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოხდეს მათი გადანაწილება." - თქვა ილიაუნის კანცლერმა, ქეთი ლაკირბაიამ.

ამასთან, თბილისის მერიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული ფართის მოძიებასა და სერვისის მიწოდებას, ბავშვები და მოზარდები მერიის პროგრამის განმახორციელებელ სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან.

"გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ცენტრი იხურება, რაც შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დადგინდა.

იმ შემთხვევაში, თუ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რის შესახებაც მუნიციპალიტეტის მერია საქმის კურსში 12 სექტემბერს ჩააყენეს, აღნიშნული ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული ფართის მოძიებას და პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდებას, ბავშვები და მოზარდები, მათი სურვილისამებრ, მერიის პროგრამის განმახორციელებელ სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან და არ მოხდება მათთვის თერაპიის სეანსების შეწყვეტა." - წერია მერიის განცხადებაში.

მოქალაქე გვანცა გულიაშვილმა 13 სექტემბერს Facebook-ის პირად გვერდზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის დახურვის შესახებ პოსტს გამოაქვეყნა. როგორც გულიაშვილი წერს, ცენტრის დახურვის შესახებ ბენეფიციარებს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აცნობეს და ამის მიზეზად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის დანგრევა დაასახელეს, რასაც მისივე თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ითხოვს. გულიაშვილი ამბობს, რომ ბენეფიციარი ბავშვები, რომელთაც სასიცოცხლოდ სჭირდებათ ცენტრის დახმარება, უალტერნატივოდ დატოვეს და სანაცვლოდ არანაირი გეგმა არ შესთავაზეს.

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტი აუტიზმისა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა და მოზარდთა სოციალური ინტეგრაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების ხელშეწყობას უზრუნველყოფს. ამჟამად ცენტრს 180-მდე ბენეფიციარი ჰყავს. 

კომენტარები