ბავშვთა განვითარების ცენტრი

ვმუშაობთ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან ბავშვების სწრაფად გადასანაწილებლად - ილიაუნი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

როგორც ილიაუნის განცხადებაში წერია, უნივერსიტეტი ინტენსიურად მუშაობს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებთან, რათა ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბენეფიციარები და სპეციალისტები თბილისში არსებულ სხვადასხვა ლიცენზირებულ ცენტრებში უმოკლეს დროში გადანაწილდნენ.

მათივე ინფორმაციით, ტექნიკურმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ უნივერსიტეტის ის კორპუსი, სადაც ბავშვის განვითარების ინსტიტუტი იყო, ავარიულია.

"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველ ზაფხულს ახორციელებს სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მონიტორინგს. წელს ამ პროცესის ფარგლებში განხორციელებულმა ექსპერტიზამ (შპს “მშენ-ექპერტი +”) გამოავლინა, რომ უნივერსიტეტის C კორპუსი ავარიულია, ხოლო მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია." - წერია განცხადებაში.

მათივე თქმით, ილიაუნი ინტენსიურად მუშაობს, რომ ბენეფიციარები სხვადასხვა ცენტრებში გადანაწილდნენ.

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებთან, რათა უმოკლეს დროში გადავანაწილოთ ამ ინსტიტუტის ბენეფიციარები და სპეციალისტები თბილისში არსებულ სხვადასხვა ლიცენზირებულ ცენტრებში. ბავშვის განვითარების ინსტიტუტის გუნდი ინტენსიურ თანამშრომლობას გააგრძელებს და პროფესიულ მხარდაჭერას გაუწევს ამ ცენტრებს, რათა არცერთი ბენეფიციარი არ დარჩეს თერაპიული მომსახურების გარეშე. სპეციალურად შერჩეულ სივრცეებში მათ მოემსახურებიან იგივე პედაგოგები, რომლებთანაც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ილიას უნივერსიტეტში." - წერია განცხადებაში.

"ჩვენ გუშინ მოგვაწოდეს წერილი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, რომ ავარიულობიდან გამომდინარე ცენტრი ვერ გააგრძელებს მუშაობას. რა თქმა უნდა, პირველი უსაფრთხოება არის, რამე პრობლემა არ მოხდეს და ბავშვები უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს. რაც შეეხება იმ ბავშვებს, ვინც აღნიშნულ ცენტრში იღებდა მომსახურებას, ჩვენ არავის არაფერს არ დავუკარგავთ, სხვა ცენტრებში იქნება გადანაწილებული, ჩვეულებრივად მიიღებენ დაფინანსებას და არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ მუნიციპალიტეტის მხრიდან". - თქვა კალაძემ. 


მოქალაქე გვანცა გულიაშვილმა 13 სექტემბერს Facebook-ის პირად გვერდზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის დახურვის შესახებ პოსტს გამოაქვეყნა. როგორც გულიაშვილი წერს, ცენტრის დახურვის შესახებ ბენეფიციარებს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აცნობეს და ამის მიზეზად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის დანგრევა დაასახელეს, რასაც მისივე თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ითხოვს. გულიაშვილი ამბობს, რომ ბენეფიციარი ბავშვები, რომელთაც სასიცოცხლოდ სჭირდებათ ცენტრის დახმარება, უალტერნატივოდ დატოვეს და სანაცვლოდ არანაირი გეგმა არ შესთავაზეს.

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტი აუტიზმისა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა და მოზარდთა სოციალური ინტეგრაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების ხელშეწყობას უზრუნველყოფს. ამჟამად ცენტრს 180-მდე ბენეფიციარი ჰყავს. 

კომენტარები