ნარკოდანაშაული

ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი მეტადონს ყიდდა – შსს-მ 2 პირი დააკავა (VIDEO)

გურიის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა - ნარკოტიკის უკანონო გასაღების ფაქტზე 1969 წელს დაბადებული ე.ბ., ხოლო უკანონო შეძენა-შენახვისთვის, წარსულში ნასამართლევი, 1971 წელს დაბადებული ჯ.ბ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, პოლიცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე 40 დღის განმავლობაში ფარულ აუდიო-ვიდეო ჩაწერას აწარმოებდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ე.ბ. ქობულეთში არსებულ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მუშაობდა, სადაც ის სამსახურებრივ მდგომარეობას დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებდა და ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ასაღებდა. კერძოდ, ის რეალიზაციის მიზნით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან მართლსაწინააღმდეგოდ ეტაპობრივად ეუფლებოდა 860 ბენეფიციარისთვის განკუთვნილ ნარკოტიკს, რომელსაც ჯ.ბ.-ზე უკანონოდ ასაღებდა. 

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და სამუშაო ადგილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს 22 ცალი 10 მილიგრამიანი შპრიცი, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება მეტადონი იყო მოთავსებული. ე.ბ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 2.5 ლიტრი ,,მეტადონის" ხსნარი, რომელიც სამ პლასტმასის ბოთლში იყო გადანაწილებული.

პოლიციამ, ჩხრეკის ღონისძიების ჩატარების შემდეგ, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი დალუქა" - აცხადებს შსს.

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღებისა და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები