ბიძინა ივანიშვილი

კობახიძე ივანიშვილზე: საერთოდ არ აინტერესებს სანქციები, დე ფაქტოდ ისედაც სანქცირებულია

ჩვენ ორი დღის წინ, თუ გუშინ, ზუსტად არ მახსოვს, მოვისმინეთ სენატის ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადება ამასთან დაკავშირებით. კრის სოჩა, სენატორ რიშის თანამშრომელია, რომელსაც მთელი ოპოზიცია ერთად ეახლა და ესტუმრა. მან დაიწყო ლაპარაკი ამ სანქციებთან დაკავშირებით. რაღაც პაუზებს იღებენ ხოლმე, მერე ისევ აგრძელებენ საუბარს სანქციებზე. ამ კონტექსტში, მათ შორის, მან ახსენა ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი.

კიდევ ერთხელ, ყველას მინდა გავუმეორო იგივე, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს. ყველა ხედავს, რომ ამ კაცს არ აინტერესებს საერთოდ სანქციების თემა, საერთოდ არ აინტერესებს. მის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს, იმიტომ რომ გაჩერებული აქვს ამხელა თანხა შვეიცარიის ბანკში. თავხედურად, ყოველგვარი საფუძვლის, მიზეზის, განმარტების გარეშე. უბრალოდ არ აძლევენ საკუთარ თანხებს. იმ ყაჩაღობის ისტორიას აღარ მოვყვები, რაც, წარმოიდგინეთ, შვეიცარიულ ბანკში ხდებოდა 2008 წლიდან მოყოლებული, მაგრამ დღესაც გრძელდება ეს. ეს არის ჩვეულებრივი დე ფაქტო სანქციები. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს სანქციებით ვერც გააკვირვებენ, ვერც შეაშინებენ და აბსოლუტურად ფუჭია ასეთი გზავნილები, მით უმეტეს, როცა ასეთ გზავნილებს აჟღერებს სენატის ერთ-ერთი თანამშრომელი. არავისზე ზემოქმედების რესურსი არ აქვს ასეთ განცხადებებს.

როდესაც, თავისთავად, რადიკალური ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ ისინი ითხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას, ეს კიდევ ერთხელ არის ლუსტრაცია, ხომ? თუ ხელისუფლების წარმომადგენელი სანქცირდება, საერთოდ რა ევროკავშირზეა საუბარი? ისინი ყველაფერში ავლენენ, რომ ევროკავშირთან დაახლოების პრევენცია არის მათი თვითმიზანი. პირდაპირი თვითმიზანია და საზოგადოება ამაზე თავის დასკვნებს გამოიტანს.

თქვა იმედი LIVE-ის ეთერში ქართული ოცნების თავმჯომარემ, ირაკლი კობახიძემ. აქამდე, გასულ დღეს აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი, კრის სოჩა ოპოზიციის წარმომადგენლებს დახურულ ფორმატში შეხვდა. როგორც სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, შეხვედრის დროს მათ სანქციებზეც ისაუბრეს. მისივე მტკიცებით, აშშ-სგან საქართველო "კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს" უნდა ელოდოს. სოჩა შეხვდა პარტია საქართველოსთვის ლიდერს, ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასაც. სენატის მაღალჩინოსანი საქართველოში თბილისის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებოდა. მან ფორმულასთან ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-ში სანქციებზე მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობდა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. სოჩას ოპოზიციასთან შეხვედრაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები