რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ამისთვის ფასს გადაიხდიან" – აშშ ჩრდილოეთ კორეას რუსეთთან იარაღით ვაჭრობაზე აფრთხილებს

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი

ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებმა ჩრდილოეთ კორეა გააფრთხილეს, რომ რუსეთთან იარაღით ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში "ფასს გადაიხდის".

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, თუ ფხენიანი მოსკოვს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად იარაღს მიაწვდის, ეს "ჩრდილოეთ კორეაზე კარგად არ აისახება და საერთაშორისო საზოგადოებაში ამისთვის ფასს გადაიხდიან".

"ჩვენ ვაგრძელებთ ჩრდილოეთ კორეელებისთვის ჩვენი შეხედულების შეტყობინების გაგზავნას როგორც პირადად, ასევე საჯაროდ, - და მოკავშირეებსა და პარტნიორებსაც იმავეს გაკეთებას ვთხოვთ - რომ მათ უნდა დაიცვან საჯაროდ გაცხადებული ვალდებულებები, რომ ისინი არ აპირებენ ამ იარაღის მიწოდებას". - თქვა სალივანმა.

სალივანს არ დაუკონკრეტებია რა იქნება ფხენიანის პოტენციურ გადაწყვეტილებაზე ვაშინგტონის პასუხი. ჩრდილოეთ კორეა მასობრივი განადგურების იარაღის პრობრამის გამო უკვე არის გაეროსა და აშშ-ს სანქციების ქვეშ.

ორშაბათს, 5 სექტემბერს აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ფხენიანში ვიზიტის შემდეგ, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღით ვაჭრობაზე შეთანხმება "აქტიურად მიიწევს წინ".

4 სექტემბერს The New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართება.

მაღალჩინოსნების თქმით, მხარეები ჩრდილოეთ კორეიდან საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების რუსეთისთვის მიწოდებას განიხილავენ. კორეის ლიდერი კი რუსეთიდან სასურსათო დახმარებას, ასევე კოსმოსური თანამგზავრებისთვისა და ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიების მიღებას ელის.

კომენტარები