რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბუჩაში ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელი მეთაურის იდენტიფიცირება შევძელით – უკრაინა

ბუჩაში დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების გადმოსვენება, 2022 წლის 7 აპრილი.
Rodrigo Abd/AP

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაადგინეს იმ რუსი მეთაურის ვინაობა, ვინც სამოქალაქო პირების დახვრეტის ბრძანება გასცა.

"უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა კიდევ ერთი მეთაურის ვინაობა, რომელიც კიევის რეგიონის ოკუპაციის დროს სამოქალაქო პირების მასობრივ მკვლელობაში მონაწილეობდა. დამნაშავე უფროსი ლეიტენანტი ვადიმ ოვჩინიკოვია, რუსეთის ფედერაციის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის 36-ე გაერთიანებული არმიის 37-ე ცალკეული მოტორიზებული მსროლელი ბრიგადის სადაზვერვო ოცეულის მეთაური". - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოვჩინიკოვი 2022 წლის მარტში ბუჩას რაიონის სევერინივკას, მოტიჟინისა და კოპილივის სოფლების აღებაში იღებდა მონაწილეობას და ადგილობრივების დასაშინებლად ტერიტორიაზე რეიდებს ატარებდა.

სწორედ ერთ-ერთი რეიდის დროს, ოვჩინიკოვმა რუსული საბრძოლო მანქანისკენ მომავალი ორი ავტომობილისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა. შედეგად, ცოლ-ქმარი და მათი 15 წლის ქალიშვილი ადგილზე დაიღუპნენ, მხოლოდ 9 წლის გოგონა გადაურჩა ტყვიას. ოჯახი სევერინივკიდან უმანში გაქცევას ცდილობდა.

ბუჩა რუსულმა ძალებმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავეს. ქალაქის გათავისუფლებამდე რუსებმა ომის ასობით დანაშაული ჩაიდინეს.

კომენტარები