პრეზიდენტის იმპიჩმენტი

გახარია იმპიჩმენტზე: ეს გააზრებული ნაბიჯია ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ

გიორგი გახარია

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ქართული ოცნების მიერ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურა. გახარიამ მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

"დღეს ქართული ოცნების მიერ გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, იმის მიუხედავად, ეს პროცედურა როგორც არ უნდა დასრულდეს, ქართული საზოგადოებისთვის რამდენიმე რამეს ნიშნავს:

  1. ეს არის გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.
  2. ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი ქვეყანაში რადიკალიზაციის, დაპირისპირებისა და პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, რაც, რა თქმა უნდა, ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას სტაბილურობის სერიოზულ პრობლემას უქმნის. 

სწორედ ამიტომ, პარტია საქართველოსთვის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს. გარდა ამისა, მინდა, თხოვნით მივმართო ბევრ ღირსეულ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა ქართულ ოცნებაში. მინდა, მათ ვკითხო - როგორ ფიქრობთ, 2012 წელს, გამარჯვების შემდეგ, რატომ არავის მოსვლია აზრად მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება და დღეს ვიღაც რატომ აყენებს საქართველოს იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომლის არჩევაშიც თქვენც და პირადად მეც დიდი წვლილი გვაქვს მიღებული?". - ამბობს გახარია Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული ოცნება საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მისი თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს". ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერები უახლოეს დღეებში შეგროვდება და პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი წარდგინება შევა.


დღეს, პირველ სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

31 აგვისტოს კი სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა როგორც გერმანიაში, ისე უკრაინაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და ისრაელში დაგეგმილ ვიზიტებზე.

კომენტარები