პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ინჯია: პრეზიდენტის იმპიჩმენტს მთელი ჩვენი გუნდი მხარს დაუჭერს

ევროპელი სოციალისტების ლიდერი, ფრიდონ ინჯია ქართული ოცნების მიერ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურა. ინჯიას თქმით, მისი პოლიტიკური ჯგუფი ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს.

"სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია ბევრჯერ დაარღვია. ეს სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფაში გამოიხატება. მიმაჩნია, რომ ეს [იმპიჩმენტი] დაგვიანებულიც არის. პირველივე შემთხვევის დროს, როდესაც პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, იმპიჩმენტის თაობაზე უნდა მიემართათ. ახლა დაგვიანებულიც არის. რა თქმა უნდა, მთელი ჩვენი გუნდი მხარს დავუჭერთ". - თქვა ინჯიამ ტელეკომპანია იმედთან სატელეფონო საუბრის დროს.

ევროპელი სოციალისტები პარლამენტში 4-კაციანი ჯგუფით არის წარმოდგენილი.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული ოცნება საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მისი თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს". ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერები უახლოეს დღეებში შეგროვდება და პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი წარდგინება შევა.


დღეს, პირველ სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

31 აგვისტოს კი სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა როგორც გერმანიაში, ისე უკრაინაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და ისრაელში დაგეგმილ ვიზიტებზე.

კომენტარები