სწრაფი კვება

Burger King-ს მენიუს ფოტოსთან შედარებით პატარა ზომის ბურგერის მიწოდების გამო უჩივიან

GETTY IMAGES

აშშ-ს სასამართლოში Burger King-ის წინააღმდეგ ჯგუფური სარჩელი შეიტანეს, რომელშიც ბურგერის ზომასთან დაკავშირებით მომხმარებელთა პრეტენზიებია გამოთქმული. 

მოსარჩელეთა მტკიცებით, რეალურთან შედარებით, Whopper-ის ბურგერი მენიუში გაცილებით დიდი ჩანს – იგი 35%-ით აღემატება ბურგერის ზომას, რომლითაც მომხმარებელებს უმასპინძლდებიან. 

Burger King-ი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ საჭირო არ არის ისეთი ბურგერების მიწოდება, რომელიც ფოტოების იდენტური იქნება.

"მოსარჩელეების პრეტენზიები მცდარია". - უთხრა კომპანიის წარმომადგენელმა BBC-ს.

აშშ-ს საოლქო მოსამართლემ, როი ალტმანმა განჩინებაში მიუთითა, რომ საკითხი ნაფიცი მსაჯულების დახმარებით გადაწყდება. თუმცა, უარყო მტკიცება, რომ თითქოს კომპანიამ მომხმარებლებს სატელევიზიო და ონლაინ რეკლამების საშუალებით შეცდომაში შეიყვანა.

"ცეცხლზე შემწვარი კატლეტები, რომლებიც ჩვენს რეკლამაშია, არის იგივე კატლეტები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით, მილიონობით Whopper-ის ბურგერში გამოიყენება". - თქვა Burger King-ის წარმომადგენელმა.

აშშ-ში შეცდომაში შემყვანი რეკლამირების შესახებ პრეტენზიებს სხვა სწრაფი კვების ქსელების, მათ შორის, McDonald's-ისა და Wendy's-ის მიმართაც გამოთქვამენ.

კომენტარები