თბილისის მერია

26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გასწვრივ მდებარე კლდოვანი ფერდიდან ქვათაცვენის პრევენციისთვის დამცავი ბადის მოწყობის სამუშაოების ფარგლებში, 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით აღნიშნულ გზაზე მოძრაობა შეიზღუდება.

"მიმდინარე სამუშაოების გამო, 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 06:00-დან 12:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე - ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით.

გარდა ამისა, 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 06:00-დან 08:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება თამარაშვილის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

აღნიშნულ საათებში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილისა და ცინცაძის ქუჩების, ასევე, ჩოლოყაშვილის გზატკეცილის საშუალებით". - აცხადებს მერია.

17 აგვისტოს საღამოს თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა. გზატკეცილის რამდენიმე მონაკვეთზე ქვათაცვენა მოხდა წინა დღეებშიც.

კომენტარები