ჩრდილოეთ კორეა-აშშ-სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეისა და აშშ-ს წვრთნების პარალელურად, ჩრდილოეთი ფრთოსან რაკეტებს ცდის

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ფრთოსანი რაკეტების გამოცდის დროს. ფოტო გავრცელდა 2023 წლის 21 აგვისტოს
KCNA via REUTERS

ორშაბათს, 21 აგვისტოს აშშ-სა და სამხრეთ კორეის მიერ ერთობლივი წვრთნების დაწყების პარალელურად, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია KCNA-მ გაავრცელა ცნობა, რომ კიმ ჩენ ინი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფრთოსანი რაკეტების გამოცდას დაესწრო.

კიმი ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროებთან განლაგებულ საზღვაო ფლოტს ეწვია და რაკეტების გაშვებას დააკვირდა, თუმცა მისი ვიზიტის ზუსტი თარიღი არ გასაჯაროებულა.

KCNA-ის ცნობით, ფრთოსანი რაკეტების გამოცდა "გემის საბრძოლო ფუნქციებისა და მისი სარაკეტო სისტემების თავისებურებების" შემოწმებასა და "რეალურ ომში შეტევითი მისიების" განხორციელებისთვის მეზღვაურების მზაობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ჩრდილოეთის მიერ რაკეტების გამოცდა მათაც დააფიქსირეს, თუმცა ფხენიანის მიერ გავრცელებული ცნობები "გაზვიადებულად" შეაფასეს.

თავის მხრივ, სამხრეთ კორეამ და აშშ-მ 21 აგვისტოს ყოველწლიური სამხედრო წვრთნები, ულჩი თავისუფლების ფარი დაიწყეს. წვრთნები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო საფრთხეებისთვის შესაბამისი პასუხის გასაცემად ტარდება და ფხენიანი მას ბირთვული ომის რეპეტიციად მიიჩნევს.

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების თქმით, წლევანდელი წვრთნები ყველაზე დიდი მასშტაბის იქნება და ორი ქვეყნის ათობით ათას სამხედროსთან ერთად მასში გაეროს სარდლობის წევრი ქვეყნებიც მიიღებენ მონაწილეობას.

"ნამდვილი მშვიდობის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ დიდი ძალით და არა ცალმხრივი ვედრებით ან კეთილგანწყობით. ჩრდილოეთ კორეა საუბრობს გამაფრთხილებელ ბირთვულ თავდასხმასა და შეტევითი ომისთვის მზადებაზე, მაგრამ ჩვენ დაუყოვნებლივ და მტკიცედ ვუპასუხებთ ნებისმიერ პროვოკაციას". - აღნიშნა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე ლაპარაკისას.

კომენტარები