დანიის საჰაერო ძალებმა გზა გადაუჭრა ორ რუსულ ბომბდამშენს, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყნის, ნიდერლანდების კონტროლირებადი ტერიტორიისკენ მიფრინავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების საჰაერო ძალები ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, 14 აგვისტოს დილითვე შესაბამისმა უწყებებმა ნიდერლანდების F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნის ბრძანება გასცეს. თუმცა, რუსულ ბომბდამშენებს გზა მანამ გადაუჭრეს, სანამ ისინი NATO-ს საჰაერო სივრცეში შევიდოდნენ.
ნიდერლანდების საჰაერო ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ თვითმფრინავებს გზას იმ შემთხვევაში უჭრიან, თუ მათ არ აქვთ უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი და საფრენი გეგმა, ასევე თუ მათთან ორმხრივ კონტაქტზე გასვლა შესაძლებელი არაა. მისვე თქმით, რუსული თვითმფრინავები არცთუ ისე იშვიათად არღვევენ ან უახლოვდებიან ნიდერლანდების საჰაერო სივრცეს.