ხანძარი ჰავაიზე

"ბოლო 100 წელში ყველაზე მომაკვდინებელი" - ლაჰაინას ხანძრის მსხვერპლი 89-მდე გაიზარდა

CNN

ჰავაიში, ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ლაჰაინას ხანძარი ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე მომაკვვდინებელია.

ჰავაის გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა ხანძარს უწოდა "ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც ჰავაიში ოდესმე ყოფილა". ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 200 შენობა განადგურდა. ხელისუფლების ინფორმაციით, ზარალი დაახლოებით 6 მილიარდია.

ხანძარი ძლიერი სიცხით და გვალვითაა გამოწვეული, ხოლო ხანძრის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს ქარიშხალი დორას ძლიერი ქარი, რომელიც წყნარ ოკეანეში კუნძულებიდან სამხრეთით ასობით კილომეტრში მძვინვარებს. 


"არ მინდა ვიყო დრამატული, მაგრამ არა მგონია, რომ მსგავსი რამ ოდესმე მომხდარა მაუიზე. დაუჯერებელია, რომ ხანძრებმა ამდენი ტერიტორია მოიცვა, ისინი მთელ კუნძულს მოედო". - თქვა ადგილობრივმა. 

როგორც სილვია ლუკი CNN-თან საუბრისას აღნიშნავს, კუნძულის საავადმყოფოები გადატვირთულია დამწვრობითა და კვამლის ინჰალაციისგან დასუსტებული პაციენტებით. დაშავებულთა მოვლას დაწესებულებებში მათ გადანაწილებასთან დაკავშირებული სირთულეები აფერხებს. ამასთან, ხელისუფლებას უჭირს ტყის ხანძრის შედეგად მოწყვეტილ ტერიტორიებთან კომუნიკაცია და ევაკუაციის კოორდინირება.

"911 გათიშულია. მობილურის სერვისი გათიშულია. ტელეფონის სერვისი გათიშულია. ეს პრობლემების ნაწილია. მაუის ოლქმა ვერ შეძლო დასავლეთის, ლაჰაინას მხარის მცხოვრებლებთან კომუნიკაცია."- აღნიშნა ლუკმა.

ჰავაის განათლების დეპარტამენტის ცნობით, მაუის ათი საჯარო სკოლა ხანძრის და ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული საშიში პირობების გამო დაიხურა. სკოლები ევაკუირებული ადამიანებისთვის თავშესაფრებად გამოიყენება. 

ტყის ხანძრის გამო 5 წელზე ნაკლებ დროში დასავლეთ მაუის თემში, ლაჰაინაში, მარკ და მორინ სტეფლებმა მეორედ დაკარგეს სახლი. 8 აგვისტოს მათ პირველად შენიშნეს ცეცხლი საკუთარი სახლიდან ნახევარი მილის დაშორებით და ქარის ამოვარდნის შემდეგ, ცეცხლი მალევე მათ ეზოსაც მოედო.

"ჩვენ ისევ დავკარგეთ სახლი. ოთხ წელიწადში ორჯერ... ჩვენ ახლახან დავაბრუნეთ ჩვენი სახლი იქ, სადაც გვინდოდა და ეს მოხდა". - თქვა აშშ-ს მოქალაქე, მარკ სტეფლმა CNN-თან ინტერვიუში. 

კომენტარები