სტიქია რაჭაში

პაპი ფრანცისკე: ვლოცულობ საქართველოსა და სლოვენიაში მომხდარი სტიქიების მსხვერპლთათვის

REUTERS/Yara Nardi

პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე მიმართვის დროს საქართველოსა და სლოვენიაში მომხდარ ბუნებრივ კატასტროფებზე ისაუბრა და სტიქიური მოვლენებისგან დაზარალებული ადამიანებისადმი თანადგომა გამოხატა.

"ბოლო დღეებში დრამატული ბუნებრივი მოვლენა მოხდა სლოვენიასა და საქართველოში, რამაც სიკვდილი და მატერიალური ზარალი გამოიწვია. ვლოცულობ მსხვერპლთათვის, გამოვხატავ სულიერ სიახლოვეს მათ ოჯახებთან და მათთან, რომლებიც ახლა სტიქიის შედეგებს ებრძვიან". - თქვა პაპმა ფრანცისკემ.

ამასთან, პაპმა ფრანცისკემ მადლობა გადაუხადა მათ, ვინც სტიქიისგან დაზარალებულებს დახმარება გაუწია, განსაკუთრებით, მოხალისეებს.

პაპი ფრანცისკე შოვში მომხდარ სტიქიურ მოვლენას 6 აგვისტოსაც გამოეხმაურა. ლისაბონში გამართული "ახალგაზრდობის მსოფლიო დღის" დაწყებამდე, პაპმა ფრანცისკემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს მიუსამძიმრა და საზოგადოებას სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის ლოცვა სთხოვა.


ამ დროისთვის, შოვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-ია, 12 ადამიანი კი სტიქიის ზონაში კვლავ იძებნება.

რაჭაში, შოვში მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე – სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევისა და 116-ე – სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლებით დაიწყო.

კომენტარები