ონლაინ მუშაობა

კომპანია Zoom–ის თანამშრომლები ოფისებს დაუბრუნდებიან

GETTY IMAGES

ვიდეო კომუნიკაციების კომპანია Zoom-მა, რომელიც პანდემიის დროს დისტანციური სამუშაო თუ სასწავლო სივრცის არსებობას უზრუნველყოფდა, თანამშრომლებს ოფისში დაბრუნება მოსთხოვა.

კომპანიამ სტრუქტურირებული ჰიბრიდული მიდგომის ეფექტურობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც ოფისიდან მაქსიმუმ 80 კილომეტრის მანძილზე ცხოვრობენ, კვირაში ორჯერ მაინც უნდა გამოცხადნენ საოფისე სივრცეში. ახალი პოლიტიკა აგვისტოდან, ეტაპობრივად, ქვეყნების მიხედვით, გააქტიურდება.

Wall Street Journal-ი წერს, რომ 2022 წლის სექტემბერში Zoom-ის თანამშრომლების მხოლოდ 1% დადიოდა ფიზიკურად ოფისში, 75% სრულად დისტანციურად, ხოლო დანარჩენი ჰიბრიდული რეჟიმით მუშაობდა. ახალი სისტემის მიხედვით, ეს მაჩვენებლები უახლოს მომავალში შეიცვლება.

Zoom-ის სათავო ოფისი აშშ-ში მდებარეობს, თუმცა კომპანია არაერთ ქვეყანაში ფუნქციონირებს. კომპანიაში დასაქმებულია ადამიანები მთელი მსოფლიოდან, რომელთაგან უამრავი საოფისე სივრცეებიდან დიდი მანძილის დაშორებით ცხოვრობს. კომპანიამ განაცხადა, რომ, მართალია, სამუშაო პოლიტიკის ცვლილება ოფისებთან ახლოს მცხოვრებ პირებს შეეხებოდათ, თუმცა ის საუკეთესო უნარის მქონე პერსონალის დაქირავებას, მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კვლავ განაგრძობს. 

ჰიბრიდულ სისტემაზე გადასვლის ტენდენცია სხვა წამყვან ორგანიზაციებშიც შეინიშნება. Disney-ი და Amazon-ი იმ კომპანიებს შორის არიან, რომლებიც ასევე ამცირებენ ონლაინ რეჟიმში დასაქმებულთა რაოდენობას. გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს მასშტაბით სრულად დისტანციურად მომუშავეთა რაოდენობა თანდათანობით შემცირდება.

კომენტარები