რუსეთ-საქართველოს ომი

რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის თქმით, რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს და საქართველოს ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს. ამის შესახებ მილერმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა

"ვთვლი, რომ ცხადად აღვნიშნეთ სახელმწიფო მდივნის განცხადებაში ის, რასაც გარკვეული პერიოდია ხაზს ვუსვამთ, რომ რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს და საქართველოს ოკუპაცია შეწყვიტოს. აშშ გააგრძელებს ამ პოლიტიკის მხარდაჭერას". - ამბობს მილერი. 

გუშინ, 7 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენი 2008 წლის ომის მეთხუტმეტე წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ბლინკენის თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.  ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. 

"15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში და მისი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა. აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ქმედებებმა სამუდამოდ შეცვალა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრება. ღრმა პატივისცემით და გულწრფელი თანაგრძნობით ვიხსენებთ რუსეთის ძალების მიერ მოკლულებს, დაჭრილებსა და დევნილებს. ოკუპაციის დროს რუსეთის ქმედებები, მათ შორის კრემლის მავნე დეზინფორმაციული კამპანიები, ე.წ. "ბორდერიზაცია" და მასობრივი გადასახლება კვლავ იწვევს ენით აღუწერელ სირთულეებს. ისევე როგორც უკრაინაში, ქართველი ხალხი დაზარალდა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობისა და მეზობლებზე დომინირების სურვილის შედეგებით. 

შეერთებული შტატებს კვლავ სურვილი აქვს, პასუხი მოთხოვოს რუსეთს 2008 წლის ექვსპუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებისთვის, რაც გულისხმობს მისი ძალების კონფლიქტამდე პოზიციებზე გაყვანას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეუფერხებელ დაშვებას. რუსეთმა ასევე უნდა გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები არსებითია იმისთვის, რომ იძულებით გადაადგილებულმა ასობით ათასმა პირმა შეძლოს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება და ღირსეულად ცხოვრება. თხუთმეტი წლის შემდეგ შეერთებული შტატები კვლავ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ხალხს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მათ დაუძლეველ სურვილს, რადგან ისინი იცავენ თავიანთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისწრაფვიან კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ". – წერია განცხადებაში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები