სტიქია რაჭაში

"ხმალაობის ატეხვა სამუშაოებზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა" – სარჯველაძე გამოძიების მოთხოვნაზე

ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე შოვში მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიტიკური ძალების ნაწილისთვის "ხმალაობის ატეხვა" სამძებრო სამუშაოების ეფექტიანობაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 

"სამწუხაროდ, საქართველოში მოიძებნებიან პოლიტიკური ძალები, რომლებისთვისაც დღეს გამოძიების წარმოება და პოლიტიკური ხმალაობის ატეხვა უფრო მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე სამძებრო სამუშაოების ეფექტიანობა და ამ სამუშაოების მიმდინარეობა. 

სამწუხაროა, მაგრამ ასეა. ეს ყველაფერი ჰგავს პირველივე დღეს გამართულ მიტინგს. ეს არ ვარგა, წინსწრებად ისეთი განცხადებების კეთება, რომლებსაც ძალიან მყრალი პოლიტიკური ინტერესის და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობების სუნი აუდის". - თქვა მან. 

სარჯველაძე ყველას მოუწოდებს, დააკვირდნენ სპეციალისტების შეფასებებს, გამოძიება კი, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდება.  

ლელო შოვში მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სამუშია პროკურატურას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს განცხადება, დაწყებულია თუ არა მომხდარზე გამოძიება. 

"სასწრაფოდ გაავრცელეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, დაწყებულია თუ არა გამოძიება შესაძლო დანაშაულის შესახებ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან. სავარაუდოდ, ეს არის გულგრილობა, დანაშაულებრივი უმოქმედობა თუ რაც შეიძლება გამოიკვეთოს სახელმწიფო მოხელეების მხრიდან". - თქვა მან.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივარი, პეტრე ცისკარიშვილი კი ამბობს, რომ საკითხზე ბევრი კითხვა და პრობლემა არსებობს. 

"აქ არის ძალიან ბევრი შეკითხვა, პრობლემების მთელი კასკადი. კი, სტიქიური უბედურებები ყველგან ხდება, მაგრამ წესიერ, გამართულ, პატიოსანი მთავრობით დაკომპლექტებულ სახელმწიფოებში სტიქიური უბედურებისგან ხალხის დაცვა ხდება - როგორც მინიმუმ, წინასწარ შეტყობინება და ევაკუაცია. 4-5 წუთით ადრეც რომ სცოდნოდათ, შემაღლებულ ადგილზე მოასწრებნენ ეს ადამიანები გასვლას". - თქვა პეტრე ცისკარიშვილმა. 

კომენტარები